ბუკლიკოს სალამი ყველას, ვინც ჩემს რუბრიკას აქტიურად ადევნებს თვალს. წარმოგიდგენთ ახალ-ახალ და ცხელ-ცხელ ნიუსებს ამა ქვეყნიდან.
მოქანდაკე ერეკლე წულაძის „ფეისბუქის“ გვერდზე ახალი ფოტოები ვნახე, რომლებზეც მისი ახალი ნამუშევრის მაკეტი იყო ასახული. ნამუშევარს „გურულები ამერიკაში“ ჰქვია. ერეკლეს პირველი ნამუშევარი „მე, შენ და ბათუმი“ 2012 წლის შემოდგომაზე ბათუმში დაიდგა. შემოდგომაზე თავისი პირველი პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი, როგორც განხორციელებული პროექტები, ისე სხვადასხვა სკულპტურის მაკეტი.
თურმე ქართულ რეალობაში ყველაზე ახალგაზრდა მოქანდაკეა, რომელმაც 25 წლის ასაკში დადგა
ცნობილი ფაქტია, რომ გურულების ერთი ნაწილი ინგლისში 1892 წელს გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო ამერიკელი შოუმენის ბაფალო ბილი ქოუდის „ველური დასავლეთის შოუში“. ერთი წლის შემდეგ მოჯირითეები ამერიკაშიც ჩავიდნენ და 30 წელზე მეტხანს მონაწილეობდნენ ცირკის წარმოდგენებსა და შოუებში. ისინი თავბრუდამხვევ ილეთებს ასრულებდნენ და არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ამერიკელი კოვბოების აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.
ქართველების ჯირითს მაშინდელი ამერიკული პრესაც ეხმაურებოდა. გურული ცხენოსნებით უინძორების ოჯახი და დედოფალი ვიქტორიაც დაინტერესდნენ. „ვაილდ ვესტ შოუ“ უინძორების სასახლეში 1892 წლის 25 ივნისს გაიმართა. მაყურებელთა შორის იყო სამეფო ოჯახი და არისტოკრატები. წარმოდგენით აღფრთოვანებულმა დედოფალმა მოჯირითეებს მოოქროული ალბომი უსახსოვრა, სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო მოთავსებული.
გურული მოჯირითეების უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე დარჩა შეერთებულ შტატებში და ბევრი იქვე დაოჯახდა. ვინც საქართველოში დაბრუნდა, ბოლშევიკებმა ამერიკელ ჯაშუშებად მონათლეს და დააპატიმრეს. გაანადგურეს ფოტოები, საჩუქრები და მათი საზღვარგარეთ ყოფნის ყოველგვარი სამხილი. ეს ამბავი ბევრმა მიივიწყა და საკმაოდ დიდხანს ამ თემას ტაბუც კი ედო.
დავინტერესდი, რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მოქანდაკემ, ამ თემას შეხებოდა და დეტალებზე სასაუბროდ შევხვდით. აღმოჩნდა, რომ ეს ერთგვარი „გურული სისხლის ყივილია“ და იმავდროულად ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მომავალი თაობისათვის შემეცნებითი ქანდაკების შექმნის იდეა.
ერეკლე წულაძე:
- „გურულები ამერიკაში“ 2012 წელს გავაკეთე. ბათუმში მივდიოდი, გზად გურია გავიარე. იქ ჩვენს ოჯახს სახლი ჰქონდა, ბებია-ბაბუა ლანჩხუთში ცხოვრობდა, მაგრამ ბევრჯერ არ ვარ იქ ნამყოფი და სამწუხაროდ, დღესაც არ ჩავდივართ. ყოველთვის მინდოდა, გურიისთვის რამე შემექმნა. სწორედ მაშინ გამიელვა თავში, „ვაილდ ვესტის“ მხედრები გამეკეთებინა. ამერიკა მსოფლიოს თავის შოუებით აკვირვებს, მაგრამ 1892 წელს გურულებმა თავისი ჯირითით გააოცეს ამერიკა. მინდოდა, ნამუშევარი საზოგადოების ყველა წევრისთვის მარტივად აღსაქმელი და თხრობითი მონუმენტი ყოფილიყო. გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა საქართველოს ისტორიის წიგნი, რომელიც გადაშლილია იმ გვერდზე, რომელზეც გურულების ამერიკაში ყოფნაა ასახული. ერთ მხარეს ცხენზე ამხედრებული მოჯირითეები არიან, ხოლო მეორე მხარეს - გურული ოდა, გუთანში შებმული ხარები, მცირე მეურნეობა და მათ ზევით ამერიკის ის ცნობილი შენობები: მანჰეტენი, ბრუკლინის ხიდი და კაპიტოლიუმის შენობა. ესკიზი სიგანეში 110, ხოლო სიმაღლეში 80 სანტიმეტრია.
სხვათა შორის, ეს ქანდაკება ჩემს საძინებელ ოთახში გამოვძერწე. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი და გადაღლის გამო, ჩემს ოჯახის წევრებს ორჯერ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც მოუხდათ. ერთხელ, მუშაობის დროს ცუდად გავხდი, „სასწრაფოს“ რომ გამოუძახეს, იმ დროს ნამუშევარს ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. ექთანი ახალგაზრდა გოგონა იყო და როცა მისვენებული, გარინდული, გადაფითრებული სახით დამინახა, დაინტერესდა, თუ რა გახდა ჩემი გადაღლისა და ცუდად ყოფნის მიზეზი. ლოგინში ვიწექი და უსიტყვოდ გავიშვირე ხელი ზეწარგადაფარებული ნამუშევრისკენ. მივიდნენ და ქანდაკებას გადახადეს. ექთანმა მითხრა, მიიწიე, მიიწიე, გენაცვალე, მეც მოგიწვები გვერდზეო. ის ისე „ცუდად“ გახდა, მისთვისაც კიდევ ერთი „სასწრაფოს“ გამოძახება გახდა საჭირო (იღიმის). ამ ნამუშევარში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე, თან მინდოდა ფიგურებში გურული ტემპერამენტი გადმომეცა. ვფიქრობ, საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ეს ქანდაკება ორ ერსა და ქვეყანას შორის ურთიერთობას ასახავს. აქედან იწყება ორ ერს შორის კულტურული ინტეგრაცია. ახალი თაობებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს ამბავი და იმ გურულების გაცნობა, რომლებმაც ორიოდე საუკუნის წინ ამერიკაში სასწაულებს ახდენდნენ. კარგი იქნება, თუ დიდ ზომაში დაიდგმება, თან გურიაში, საიდანაც მოჯირითეების ფესვები იყო. ეს უნდა იყოს საშუალოდ ათი მეტრის, ბრინჯაოში ჩამოსხმული ქანდაკება. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სურდა ეს ქანდაკება გურიაში დადგმულიყო, თუმცა დღემდე პროექტი არ განხორციელებულა. ვფიქრობ, დროის ამბავია, დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში შევძლებ.