შაბათს, 15 მაისს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მუსიკალური პროექტის „ვოისის“ ფინალი შედგება. მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული შოუს ქართულ ანალოგს „ნოვა პროდაქშენი“ წარმოადგენს. რვა კონკურსანტი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მენტორები კი ტრიუმფისთვის ემზადებიან.
კონკურსის მონაწილეებს ambebi.ge ფინალამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა. ყოველდღიური რეპეტიციების მიუხედავად თითოეული მათგანი შემართებით არიან და ცხადია, გამარჯვების მოლოდინი აქვთ
მაგდა ივანიშვილი: პანდემიის დროს ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, ყველაფერი გაქრა რითიც მანამდე ვიყავი დაკავებული და უცებ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნათელი წერტილი „ვო
ხატია ქინქლაძე: ძალიან საინტერესო იყო მთელი პროექტის პერიოდი, საოცარი ადამიანები გავიცანი. ჩემი მწვრთნელი ნიაზ დიასამიძეა, ძალიან კარგი ადამიანია და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს პროექტის გარეთაც. კარგად გავუგეთ ერთმანეთს მუსიკალური გემოვნების ამბავში. შემართებით ვარ და შაბათს კარგად მინდა წარვსდგე ხალხის წინაშე, ისე როგორც ფინალს შეეფერება.
ლუკა ლილუაშვილი: ვოისში ყოფნის პერიოდი რაღაც დოზით ასოცირდება ჩემი თავის პოვნის ეტაპთან, რადგან აქ მიღებულმა გამოცდილებამ ამაში დიდი წვლილი შეიტანა. ნიაზის გუნდში ვარ და ვგრძნობ ძალიან კომფორტულად თავს. ნიაზი გვეხმარება დავინახოთ და ვიყოთ ის ვინც ნამდვილად ვართ, თამაშისა და ამბიციების გარეშე.
ვიოლეტა მგალობლიშვილი: დაუვიწყარი იყო ეს პროექტი ჩემთვის და გული მწყდება, რომ შაბათს ეს ყველაფერი დამთავრდება. ზღაპარივით იყო ცხოვრება. საოცარი მენტორი მყავს, უამრავი კარგი სიტყვა შემიძლია გითხრათ ჩემს მაესტროზე ნიკა რაჭველზე. ძალიან მობილიზებულია და ბევრს შრომობს თითოეული ლაივისთვის რომ მაყურებელამდე ხარისხიანი პროდუქტი მივიდეს. ვნერვიულობ, მინდა, რომ შაბათის ფინალი ძალიან კარგი გამოვიდეს. დიდი მოლოდინი მაქვს, მგონია, რომ ჩემი გურულები მოინდომებენ და ბევრს დამირეკავენ. გურიიდან ჯერ არ ყოფილა არცერთ პროექტში არცერთი ფინალისტი და პირველი ვიქნები მე. ამიტომ განსაკუთრებული იმედი მაქვს რომ მიგულშემატკივრებენ.
ანა მორგოშია: ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა, რადგან ფინალში ვარ. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ სალიო ავირჩიე. ყოველთვის მხარში მედგა და მამხნევებდა. მაქსიმალურად ვცდილობ და ვშრომობთ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა ამ კონკურსში მონაწილეობა. ორჯერ გავხდი ხალხის რჩეული და იმედი მაქვს გამარჯვების.
თეკლა წვერიკმაზაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ არ ვინერვიულო, შინაგანად მაინც ვღელავ. გადავწყვიტე რომ მთავარია სიმღერა და არა შედეგი. ფინალში ვარ და ჩემი ინტერესია ღირსეულად წარვსდგე მაყურებლის წინაშე. „ვოისი“ იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სინათლე ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებულად ახლა, როდესაც პანდემიაა და ირგვლივ მკვდარი იყო ყველაფერი. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი, საოცარ მუსიკოსებთან მაქვს შეხება და გამიფერადეს ცხოვრება. ორი მენტორი მყავდა ამ პროექტში. დღემდე სალიოსთან ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს, გვერდში მიდგას და ყოველდიური ურთიერთობა მაქვს. ასევე სტეფანე, რომელმაც გადამარჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, ძალიან დიდი ხანია სახლში ვიქნებოდი. ყოველი დღე ჩემთვის დიდი გაკვეთილია. ახლა უკვე განსხვავებული რეპერტუარით ვარ, ისეთით, რომელიც ჩემს მაყურებელს მოსწონს. სტეფანემ მომცა უფლება, რომ მემღერა ის სიმღერა რაც მინდოდა. იმედია მაყურებელს მოეწონება და ეს ყველაფერი ზარებზე აისახება.
მარიტა ცეცხლაძე: „ვოისი“ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მონაწილეებს მენტორებთან. ყოველდღიურად ვრწმუნდები მაესტრო ნიკა რაჭველთან რეპეტიციის შემდეგ რომ განვითარების გზაზე ვარ. მონაწილეები იმდენად გაგვზარდა ამ პროექტმა რომ ნამდვილად ღირს ასეთ ადმაიანებთან ურთიერთობა. ფინალში სხვა ჟანრში ვიმღერებ, რაც ჩემი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი იქნება და ვეცდები მათი იმედები გავამართლო.
სალომე თათარაშვილი: ჯერ კიდევ არ მჯერა რომ „ვოისი“ მთავრდება, დიდი ოჯახი შევიძინე, უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც მთელი ცხოვრება გამყვება. ამ პროექტმა მომცა ყველაფერი. პანდემიიდან გამომდინარე ჩემი ცხოვრება გაჩერებული და გამიხალისა ყველაფერი. სალიოა ჩემი მენტორი და ყველაზე საყვარელი ადამიანია ვინც შემხვედრია აქამდე. ძალიან გვიწყობს ხელს კონკურსანტებს და მეგობრული ადამიანია. კარგ რჩევებს გვაძლევს. რას ველოდები ფინალისგან? - საკუთარ თავზე მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მაყურებელს ელოდება ძალიან მაგარი საღამო. ჩემი სიმღერა კი სწორედ იმ თემაზეა, რაც ახლა ხდება მსოფლიოში და იმედი მაქვს, მსმენელი კმაყოფილი დარჩება.