"კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას წუხელ კიდევ ერთი ნომერი შეემატა და ეს პაციენტი ჩვენი ბავშვობის ყველაზე უწყინარი, ყველაზე ბუნჩულა, ყველაზე სათნო მეგობარი, ჩვენი თანაკლასელი მანანა ხობუაა.
წვიმდა დღეს ქუთაისის გარეუბანში, გუმათის დასახლებაში. და წვიმის ცრემლებით დასველებულმა რამდენიმე პირბადიანმა, მწუხარე თანაკლასელმა იმ პატარა ხის სახლში, სადაც მე სულ პირველად მაშინ ვიყავი, მანანა და თემური რომ დაქორწინდნენ, ყვავილების კალათა შევგზავნეთ, კუბოს გარშემოვლაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. თანაკლასელებს
მანანას ვაჟმა გვიამბო: წუხელ მათი უახლოესი ნათესავიც, იქვე მცხოვრები, გარდაცვლილა და ისიც, როგორც მანანა, 72 საათში დაკრძალვის პირობით გამოუტანებიათ ოჯახისათვის. ფაქტობრივად, ხვალ შუაზე უნდა გაიყვნენ ჭირისუფლები, უახლოესი ადამიანები, რომ ორივე მიცვალებულის პატივგება შეძლონ.
ფრთხილად იყავით, ადამიანებო! იცით, მანანა რა კარგი ქალი იყო?იცით, როგორი ნაწვალები და ნატანჯი? ღარიბი და პატიოსანი ოჯახის შვილმა მთელი ცხოვრება თავადაც განუწყვეტელ შრომასა და ჯაფაში გაატარა, უკარგესი ვაჟი აღზარდა, დააოჯახა, ბებია გახდა. ადრიანად დაქვრივებულს ფარ -ხმალი არ დაუყრია: წინა წლებში ხან ჯაჭვის ხიდთან ვხედავდი, რაჭა-ლეჩხუმიდან მომავალი ავტობუსების მგზავრებს რომ ელოდა ქარსა და წვიმაში - პროდუქტის შესაძენად, ხან მწვანე ბაზარში, დახლზე აკოკოლავებული ხილის უკან მოკრძალებით თავდახრილს ვუყურებდი, ბოლოს უბნის პატარა მარკეტში ნახეს ჩვენმა კლასელებმა - ყველას დასახმარებლად მზადმყოფი და ყველასაგან დაფასებული.
როგორი პატიოსანი, უბოროტო, კეთილი იყო, როგორ უხაროდა სხვისი სიხარული და ბედნიერება! თანაკლასელთა ერთ -ერთ ბოლო შეკრებაზე რომ მოვიდა, განსაკუთრებით მომხიბვლელად გამოიყურებოდა: თეთრყირმიზასა და ქათქათას შავფონიანი ახალი კაბა და საგანგებოდ სალონში დავარცხნილი თმა შვენოდა. გოგოებს ჩუმად გაგვანდო, რძალმა გამომპრანჭაო.
დღეს ყველას ერთად გაახსენდა მაშინდელი მანანა, მისი თბილი ღიმილი.
მე კიდევ, ის უზარმაზარი ალუჩა მომაგონდა, ნიკოლაძის ქუჩის 17 ნომერში, ხობუების ხის სახლის ეზოს ლამის რომ მთლიანად ჩრდილავდა და ტოტებზე ჯადოსნური მძივებივით უკრიალებდა მწვანე ბურთულები. ბავშვობის ზღაპარივით ტკბილი და სანუკვარი იყო ის მკვახე ალუჩები, ხელს გამალებით ვუწვდიდით , ვკრეფდით და არ ილეოდა...
დღეს აღარც ის ხეა და აღარც მანანა. წავიდა მანანა." - წერს ქალბატონი ნანული.