11 მარტი, 2020
"თერმოსკრინინგით და სკანერით გავიარე შემოწმება" - ისრაელიდან დაბრუნებული ნინო ჩხეიძე იზოლაციაშია
მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც ისრაელიდან გუშინწინ დაბრუნდა თვითიზოლაციაშია.
ჩხეიძე ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად იმყოფებოდა, სადაც მასთან ერთად ანრი ჯოხაძემ, ნინო ძოწენიძემ და სხვა მომღერლებმაც იმღერეს, თუმცა, თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მხოლოდ ნინო ჩხეიძემ მიიღო.

ისრაელიდან ნინო შვედეთში აპირებდა გამგზავრებას, სადაც ქართველი ემიგრანტების მიწვევით მიფრინავდა, თუმცა, კონცერტი გადადო.

„რეიტინგი“ ქართველ ვარსკვლავს დაუკავშირდა.

- ნინო, ვისი რეკომენდაციით იმყოფებით თვითიზოლაციაში?

- საკუთარი ინიციატივით გადავწყვიტე გარკვეული პერიოდით თვითიზოლაციაში ვიყო. კონცერტი მქონდა ისრაელში, საიდანაც შვედეთში ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც
კორონავირუსმა გამოიწვია, საქართველოში დავბრუნდი და თვითიზოლაციაში ვარ.

ისრაელიდან გუშინ ჩამოვფრინდი, მართალია უსაფრთხოების ყველა ზომას ზედმიწევნით კარგად ვიცავ, მაგრამ ახლა მირჩევნია, ერთი კვირით სახლში ვიყო და არავისთან მქონდეს ურთიერთობა.

- საზღვარზე გაიარეთ შემოწმება?
- დიდი მობილიზაციაა აეროპორტში სპეციალისტების, გულდასმით ამოწმებენ თითოეულ მგზავრს, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოდიან ქვეყანაში. თერმოსკრინინგით და სკანერით გავიარე შემოწმება, ჯანმრთელი ვარ.

დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მიხარია, რომ მოსახლეობაც პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას და ცდილობენ მაქსიმალურად ზუსტად დაიცვან პრევენციის ზომები.

- როდის გქონდათ შვედეთში დაგეგმილი კონცერტი?
- 14 მარტს მქონდა სტოკჰოლმში დაგეგმილი კონცერტი, მაგრამ კორონავირუსის გამო გადავდე, არ მინდა ჩემი კონცერტის გამო, უამრავი ადამიანი შეიკრიბოს და საფრთხის წინაშე დააყენოს საკუთარი ჯანმრთელობა. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრა ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS