სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილია, რომელმაც სპექტაკლი დაახლოებით ორი წლის წინ დადგა. სპექტაკლში მთავარ როლებს საზოგადოებისთვის ცნობილი, ახალგაზრდა თაობისთვის საყვარელი ცნობილი არტისტები თამაშობდნენ. ერთ-ერთ მთავარ როლს კი, ქართული სცენის პრიმადონა სოფია ნიჟარაძე ასრულებდა.
თუმცა, გუშინ მიუზიკლში მთავარი როლი მომღერალმა ლიზა ყენიამ ითამაშა და ეს ამბავი არც საზოგადოებას და არც მედიას დარჩა ყურადღების მიღმა.
ლიზა ყენიას დებიუტს თეატრალურ
- მოგეხსენებათ, პირველად ვითამაშე სპექტაკლში და ეს არის ჩემთვის დაუვიწყარი. შარშან ჩატარდა მუსკომედიის თეატრში კასტინგები, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ რეჟისორი დავით დოიაშვილი ახალ სპექტაკლს დგამს, რომელსაც მაყურებელი სექტემბრიდან იხილავს და ერთ-ერთ როლს მე ვითამაშებ. რაც შეეხება ამ სპექტაკლს „შეყრა“, დაახლოებით ცხრა დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, უკვე არსებულ სპექტაკლში უნდა შეხვიდეო. როცა გავიგე, როდის უნდა გავსულიყავი სცენაზე, დავფიქრდი ასე სწრაფად, როგორ ვისწავლი ამდენ ცეკვას და სიმღერას-მეთქი, თუმცა, რეპეტიციაზე მაინც მივედი და დოის თვალებით მივხვდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ამიტომ მოვიკრიბე ძალები, ერთ ღამეში ვისწავლე ოთხი სიმღერა ზეპირად და გუშინ შედგა ჩემი სასცენო დებიუტი თეატრში.
- როგორი ემოციები დაგრჩათ?
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მოვიწამლე თეატრის სცენით. მუსიკისა და დრამის თეატრის დასის და დოის დამსახურებაა, რომ ყველაფერი შევძელი. ძალიან დამიდგნენ გვერდით, მათი თანადგომის გარეშე, რა იქნებოდა, არ ვიცი. უდიდესი ემოციები მივიღე გუშინ, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ამ თეატრში ვარ გაზრდილი, არასოდეს მინახავს სცენაზე გამოსულიყო დოი და ყვავილები მიერთმია მსახიობისთვის, გუშინ კი ყვავილები მომართვა და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ყველა სპექტაკლის შემდეგ ისეთი ემოციები მექნება, როგორიც გუშინ მივიღე.
იმის გასარკვევად, რატომ არ ითამაშა გუშინდელ სპექტაკლში სოფია ნიჟარაძემ, ჩვენ დავით დოიაშვილთან და თავად ნიჟარაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, დოიმ არ გვიპასუხა, სოფია ნიჟარაძეს კი ტელეფონი გამორთული აქვს.
სპექტაკლი „შეყრა“ სოფია ნიჟარაძის შემოქმედებაში გამორჩეულ ადგილს იკავებდა.
„ეს პერსონაჟი განსხვავდება ყველა იმ პერსონაჟისგან, რაც აქამდე მითამაშია. ორი ხასიათის მორგება მიწევს ამ სპექტაკლში და ეს საინტერესოა. ყველაზე მეტად დასმაც შემიწყო ხელი, გვიან შევედი სპექტაკლში. საინტერესო იყო მათთან მუშაობა“, - აცხადებდა გადაცემაში „სცენა“ სოფია ნიჟარაძე ერთი წლის წინ.