მარიამ კუბლაშვილი, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს, იხსენებს 26 დეკემბრის საბედისწერო ღამეს. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ ამ თემაზე წიგნის გამოცემას ფიქრობს.
გთავაზობთ მარიამის სტატუსს:
„ნაძვის ხის ბრჭყვიალებით ბავშვივით აღტაცებულმა, როგორც იქნა, მშვიდად დავდე ბალიშზე თავი, ამ დროს ტელეფონს დავხედე და ციფრი 26… დეკემბერი… და თითქოს ყველაფერი დაიშალა. ის საშინელი საბედისწერო ღამე, ახლა 2:30 წუთია… 3:45 წუთზე თემირლანის ოთახში სპეცრაზმი შევარდა და… ყველაფერი დამთავრდა. თუ რა მოხდა კარის შეღებიდან პირველივე წამს, დეტალურად ვიცი, უფრო მძიმეა,
რომ ვიცი და ვერც ვერასდროს დავივიწყებ… ალბათ, მოვა დრო და დავწერ. დავწერ წიგნად. უამრავი ჩანაწერი მაქვს… მას ხელში ტელეფონი ეჭირა, უკანასკნელ წამს ჩაესმოდა მელოდია ფილმიდან: „მაპატიე სიყვარულისთვის“… ის ოცნებობდა, ნატრობდა და უყვარდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, სამყარო სრულად სიცოცხლის ბოლო წელიწადსღა დაინახა გახელილი თვალებით… მას ხელში ტელეფონი ეჭირა…“