09 ოქტომბერი, 2019
ლეგენდარული კომპოზიტორის ავთო შარვაძის მძიმედ ავადმყოფ ქვრივს სახლიდან ასახლებენ
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ავთო შარვაძის ქვრივს, თინა იმნაძეს სახლიდან ასახლებენ.

ახლობლების თმით, თინა იმნაძე მძიმე ავადმყოფია და ამავე დროს ფსიქიური პრობლემებიც აქვს.

"რეიტინგი" თინა იმნაძის ახლობელს შოთა იმნაძეს დაუკავშირდა. იგი სასამართლომ მის მხარდამჭერად ცნო.

- ბატონო შოთა, რა პრობლემა აქვს ქალბატონ თინას?

- 2007 წელს ქალბატონ თინას მეზობლის ნათესავმა მოტყუებით მოაწერინა ხელი რაღაც დოკუმენტზე. აღმოჩნდა, რომ მან იმნაძეს სახლი ჩაადებინა 45 000 დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკაში. ორი ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლითაც დგინდება, რომ თინა
იმნაძე იმ მომენტში ფსიქიურად ვერ აცნობიერებდა, რას აწერდა ხელს. ახლაც ვერ ხვდება, რას მოაწერა ხელი, იცის, რომ რაღაც ცუდი მოხდა, მაგრამ რა, ვერ ხვდება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, მას აქვს თავის ტვინის სიმსივნე, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2018 წელს, როდესაც მოვიდა აღსრულების პოლიცია, თინა იმნაძეს ახალი გაკეთებული ჰქონდა თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია და ის რეანომობილით მოიყვანეს სახლში.

როცა სააღსრულებო პოლიციამ ნახა, რა მდგომარეობა იყო, მისი კეთილი ნებით გადაწყვიტა, რომ არ გამოესახლებინათ სახლიდან. სწორედ მაშინ შევიტყვეთ მე და მეზობლებმა სახლი იპოთეკით რომ ჰქონდა მოტყუებით ჩადებული. მივმართეთ სასამართლოს და თავიდან დაიწყო საქმის გამოძიება. თუმცა, სასამართლომ არ შეაჩერა აღსრულება და ხვალ 4 საათზე მძიმედ ავადმყოფ ადამიანს საკუთარი სახლიდან გამოასახლებენ.

- შვილები ჰყავს?

- არავინ არ ჰყავს და წასასვლელიც არსად არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ვინც იყიდა ბანკისგან სახლი, ჰგონია,რომ ის მისი მომვლელი იქნება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS