07 ოქტომბერი, 2019
“ხანდახან შიგნიდან მჭამს და მახრჩობს რაღაც ხმა – წადი!!” – სოფო ბათილაშვილი რუსთავი 2-ზე გასულ მის კონცერტს ეხმაურება
სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ მის სოლო კონცერტს.

"ეხ!!
ჩემი სპორტის სასახლის კონცერტი გავიდა რუსთავი2-ზე ახლახანს...
კონცერტი მძიმე დროს დაემთხვა.ქვეყანა აყირავდა. ადამიანებს ტყვიები მოხვდათ,ზოგმა თვალი დაკარგა.რეპეტიციებიდან აქციებზე მივდიოდი,აქციებიდან-რეპეტიციებზე.. მთელი ქვეყანა დაღლილი ვიყავით,ფიზიკურადაც და ემოციურადაც.არ გაგიკვირდებათ,თუ ვიტყვი,რომ კონცერტის გაუქმება მინდოდა. როგორღაც დავთანხმდი იდეას, ძალა მომეკრიბა და მემღერა მაყურებლისთვის,რომელმაც ჩემს კონცერტზე მოსასვლელად ბილეთი იყიდა.
კონცერტის ეთერში გასვლაც რა პერიოდს დაემთხვა,ჩემზე კარგად იცით- ვინც ამ ჩემი კონცერტის კეთებაში ოფლი დაღვარა
მაგათმა უმრავლესობამ რუსთავი2 საერთოდ დატოვა და სხვა სოფლის შენება დაიწყო. ეს ჩემი კონცერტი კიდევ დარჩა ასე,თავისთვის,ობლად.

გამიგია, სადღაც, შორს,განვითარებულ ქვეყნებში, მუსიკოსები შეიყრებიან ხოლმე და ვიდრე ეთერში გავა მაგათი ნამოქმედარი, პირველად თავად უყურებენ და თავიანთი შეხედულების მიხედვით მიჭრი-მოჭრიან,არამამაპაპურად რომ გითხრათ,აედითებენ ხოლმე.
მე კიდევ, ინსტრაგრამიდან გავიგე,შენი კონცერტი უნდა გავიდეს ეთერშიო.(ჩემმა პატარა მსმენელმა მომწერა,რეკლამა უნახავს)
საქართველოზე მეტად ხომ ქვეყანა ვერ მიყვარს,მაგრამ ხანდახან შიგნიდან მჭამს და მახრჩობს რაღაც ხმა - წადი!! მოშორდი!! ან დაჯექი სამუდამოდ შენს ოთახში და იქ აკეთე ეგ შენი საქმე,მთელი გულით,გულწრფელად და როგორც გაგიხარდება ისე,რადგან აქ ვერ გამოდის ვერც ის "სცენა",რაც წარმოდგენებში გაქვს და ვერც " პრე-პოსტ სცენა",რაც მუხლჩაუხრელ შრომას და პატივისცემას გულისხმობს ყველაფრის მიმართ,ყველას მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება,ძალიან გვიჭირს და სხვა რაღაცებზე ვდარდობთ.

იცით, როგორ მიხარია,რომ ერთხელ მაინც მოგისმენიათ ჩემი დებილობა ნამღერებისთვის და სიამოვნება მიგიღიათ? იცით,როგორ მეამაყება, რომ მუსიკოსების გვერდით მომიწია სცენაზე დგომა? იცით,როგორ ვაფასებ ამ კონცერტის გაკეთებაში ვინც ელემენტარული წვლილი მაინც შეიტანა?! ასი სინათლის წელი არ მეყოფა ჩემი სიყვარულის და მადლიერების ბოლო წერტილამდე რომ მიგიყვანოთ,შეიძლება,იმის იქითაც მიდის ენერგიები...

მაგრამ,რა ვქნა? ვარ ასე და ვეძებ გამოსავალს მთელი ცხოვრებაა. ყოველთვის,ასე. რა ვუყო ამ ჩემს თავს და ჩემს იდეებს, რომლებიც იდეებად რჩებიან. კარგი რამეების კეთება რომ მინდა,ეგ სად დავაძინო?!

არ აქვს მნიშვნელობა,რამდენს ვიწვალებ მიზნების მისაღწევად და მივაღწევ თუ ვერა,ერთი იცოდეთ,ისე მიყვარხართ,რომ მეტად ვეღარ წარმომიდგენია.

თქვენი სოფო, დავითის და მაიას ასული." - წერს ბათილაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS