27 სექტემბერი, 2019
"ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩა ის ჩვენს გუნდში არ იქნება" - როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები"
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", მშობლიურ არხს "რუსთავი 2"-ს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაემშვიდობა და ახლა ის ახალი ტელეკომპანიის "ფორმულას" ეთერში გავა.

ტელეკომპანია "ფორმულა კრეატივის" გუნდმა შექმნა და ის მაუწყებლობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.

როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები" ამის გასარკვევად "რეიტინგი" სერიალის პროდუსერს ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ირაკლი, როდიდან დაბრუნდება ეთერში "ჩემი ცოლის დაქალები"?
- ჯერჯერობით ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ, ამიტომ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, როდიდან დავბრუნდებით ეთერში.

- განახლდა სერიალის
გადაღებები?

- სერიალის გადაღებები ჯერჯერობით არ განახლებულა. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დავბრუნდებით ეთერში.

- თუ ვიხილავთ სერიალში ახალ სახეებს?
- რა თქმა უნდა, ახალ სახეებს ვიხილავთ ახალ სეზონზეც ვიხილავთ, როგორც ადრე.

- ყველას აინტერესებს, იქნება თუ არა სერიალში მსახიობი ქეთი ხუციშვილი - ლუნა, რომელიც "რუსთავი 2"-ზე დარჩა?
- არ იქნება ლუნა ახალ სეზონზე. ვინც "რუსთავი 2"-ში დარჩა, ის ჩვენს გუნდში არ იქნება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" არხის თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა, მსახიობი ქეთი ხუციშვილი არხზე დარჩა და "კომედი შოუს" გუნდს შეუერთდა.

სწორედ მაშინ გაჩნდა ჭორები, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, საზოგადოებისთვის საყვარელი პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში" აღარ გამოჩნდებოდა.

"რეიტინგი" რამდენიმე დღის წინ ქეთი ხუციშვილს დაუკავშირდა და მასთან სცადა გადაემოწმებინა, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ჭორი სიმართლეს.


ქეთიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას "რუსთავი 2"-ზე დარჩენა ალეკო მალხაზიშვილმა შესთავაზა.

- ქეთი, გაჩნდა მოსაზრება, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვეღარ გიხილავთ, რა ხდება რეალურად?

- ვერაფერს გეტყვით. თუ დამიძახებენ, ვითამაშებ სერიალში, მაგრამ სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი.

- დაწყებულია ახალი სეზონის გადაღებები და არ დაგირეკეს თქვენ?
- ჯერჯერობით გადაღებები არ დაწყებულა. ჩემთვისაც არავის დაურეკია. ვნახოთ, რა იქნება.

- რატომ დარჩით „კომედი გრუპში“ „რუსთავი 2“-ზე, არ გქონდათ შემოთავაზება გუნდისგან იმათ გაყოლოდით, ვინც სხვა არხზე გადავიდა?
- არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა სხვებისგან. მე ალეკო მალხაზიშვილმა შემომთავაზა „კომედი გრუპში“ დარჩენა და დავრჩი ამ გუნდთან ერთად.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS