18 სექტემბერი, 2019
„მამულიჩა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი“ – 50 წლის დივა საკუთარი აქტუალურობის და გარეგნობის საიდუმლოს ამხელს
ქართულ მუსიკალურ სცენაზე არაერთი ადამიანი გამოჩნდა და გაქრა, თუმცა, ლელა წურწუმია იმ იშვიათ მომღერლებს ეკუთვნის, რომლებიც არა თუ გაქრნენ, უკვე ათეულობით წლებია, აქტუალურობას არ კარგავენ.

მისი ყველა სიმღერა გაჟღერებისთანავე ჰიტდება, მისი ყველა კონცერტი ანშლაგით ტარდება, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მომღერალი მუდმივად განახლებადია და ცდილობს, დროს ფეხი აუწყოს.

სულ ცოტა ხნის წინ, მუსიკალურ სივრცეში ლელა წურწუმიას ახალი მუსიკალური რგოლი „წამიყვანე სიყვარულთან“ გამოჩნდა. კლიპის პრემიერა ჯერ დახურულ სივრცეში ჟურნალისტებისთვის შედგა, შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა და
რამდენიმე დღეში რეკლამირების გარეშე უამრავი ნახვა დააგროვა.



ლელამ ზომიერებას არც ამჯერად უღალატა და ახალ სიმღერაზე შავ-თეთრი სადა კლიპი გადაიღო.

ლელა წურწუმია
- სიმღერის ავტორი ლილიკო ნემსაძე, ხოლო ტექსტის ირინა სანიკიძეა. ახალი სიმღერის არანჟირება ბენდ „ნონ სტოპს“ და უნიჭიერეს მუსიკოს პაპუნა შარიქაძეს ეკუთვნის. მინდოდა სიმღერაზე კლიპის გადაღება, თუმცა, არ ვიცოდი, რომელ მუსიკალურ ნამუშევარზე შევაჩერებდი არჩევანს, როცა „წამიყვანე სიყვარულთან“ ჩავწერე, მივხვდი, სწორედ ის იყო ის სიმღერა რომელზეც კლიპი უნდა გადამეღო.

Rating

ვიდეორგოლის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, რომელთან მუშაობის გამოცდილება ლელა წურწუმიას წარსულშიც ჰქონდა. ვიდეოში აქცენტი ემოციებზე არის გაკეთებული, სწორედ ამიტომ არის მხოლოდ ორ ფერში გადაწყვეტილი.
50 წლის მომღერალი 4 ოქტომბერს მორიგი გრანდიოზული სოლო-კონცერტისთვის ემზადება. ეს სპორტის სასახლეში მისი, რიგით მესამე სოლო კონცერტი იქნება. ქართული ესტრადის დივა, ისევე როგორც ყველა კონცერტისთვის, ამჯერადაც განსაკუთრებულად ემზადება.

- რითი იქნება ეს კონცერტი წინა კონცერტებისგან განსხვავებული?
- განსხვავებული არის ის, რომ უფრო კლუბური მუსიკისკენ გადავინაცვლე, რადგან დღეს ასეთი მოთხოვნაა. ჩემს მუსიკას ახალგაზრდა თაობაც უსმენს, მათ კი კლუბური მუსიკა ძალიან მოსწონთ, ამიტომ გადავწყვიტე, ამ ჟანრშიც ჩამეწერა სიმღერები. 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში კლუბური ჟანრის სიმღერებსაც შევასრულებ და ჩემს ძველ ჰიტებს თავისთავად. გპირდებით, მთელი დარბაზი იცეკვებს.


2000-იან წლებში, როცა ლელა წურწუმიამ გარისკა და ფილარმონიაში პირველი სოლო-კონცერტი ჩაატარა, საზოგადოებას თავი თამამი შოუს მეშვეობით დაამახსოვრა. მას შემდეგ, ის ყოველთვის ცდილობს, მისი შემოქმედება იყოს დახვეწილი და ამავე დროს - თანამედროვე.



- გრანდიოზული სცენა იქნება, განათების, გახმოვანების სპეციალისტები უცხოეთიდან ჩამოგვყავს. კონცერტს ირაკლი ფიფიას და თეა დარჩიას გუნდი გააფორმებს გრანდიოზული შოუს საშუალებით. ვიცი, რომ ხალხს მოსწონს ჩემი ნამუშევრები და სწორედ ეს არის იმის საიდუმლო, რომ აქამდე მოვედი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მალე ივიწყებენ ადამიანებს, ამისთვის კი მუდმივი მუშაობაა საჭირო, შრომა კი ყოველთვის გიფასდება. ამავე დროს, აუცილებელია, მაქსიმალურად ავყვე თანამედროვე ტენდენციებს, ფეხი ავუწყო და არ ჩამოვრჩე დროს. რატომ უნდა ჩამოვრჩე? 50 წლის ვარ და ეს დიდი ასაკი სულაც არ არის. მთავარია, მაყურებელი მოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რასაც შევთავაზებთ.

- მამულიჩას გარეშე წარმოუდგენელია თქვენი კარიერა...
- მამულიჩა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ყველა კონცერტი მისი პროდიუსინგით ტარდება, ტექნიკურ საკითხებს თავად აგვარებს და ყოველთვის დებს ხარისხს. ეს კონცერტიც მისი პროდიუსინგით ტარდება, რომლის რეჟისორიც ჩემი მეგობარი დათო დოიაშვილი იქნება.

50 წლის ლელა წურწუმია ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, რასაც ყოველთვის აღნიშნავს საზოგადოება. როგორ ინარჩუნებს ამ ასაკში ასეთ გარეგნობას, ამის საიდუმლო მან „რეიტინგის“ მკითხველს გაანდო.

- ხასიათია ამის საიდუმლო. შიგნით როგორიც ხარ, იმას ასხივებ. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში პრობლემები ხშირად გვაქვს, მაგრამ რაც ჩემი მოსაგვარებელია, ვაგვარებ. არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე წუწუნი, ასეთი ადამიანები მალე ბერდებიან. თანამედროვე ეპოქაში ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის პლასტიკური ქირურგია, რომელიც შანსს გაძლევს, დიდი ხანი შეინარჩუნო ახალგაზრდობა. მეც მიმიმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის და ამას არც ვმალავ, თუმცა, ზომიერად უნდა მოხდეს ჩარევა. გარდა ამისა, ყოველთვის ვვარჯიშობ, რადგან ჩემი საქმე დიდ ენერგიას და მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS