ჭორები მათი რომანის შესახებ საფრანგეთში გადაღებულ მათ საერთო ფოტოებს მოჰყვა.
ნინი ბადურაშვილისა და გიორგი ჩიკვაიძის მეგობრობა წლებს ითვლის, რასაც მათი პირადი გვერდებიც მოწმობს.
გიორგი ჩიკვაიძე წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც იახტების კომპანია აქვს. მას კარგად იცნობენ უცხოურ ელიტარულ წრეებში, ბიონსესთან, ჯორჯ ბენსონთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან პირადი ურთიერთობები აქვს და რამზესის სახელით ცნობენ.
- მე და ნინი ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთად ყოფნა ყოველთვის გვიხარია. გვიყვარს ერთად გატარებული დრო, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. გვესმის ერთმანეთის იუმორი და გვიყვარს მუსიკა.
- რა მიზნით იყავით საფრანგეთში?
- ჯექსონების ოჯახის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ვიყავით მიწვეული. არაჩვეულებრივ შოუს დავესწარით. ასევე, საფუძველი ჩაეყარა, ერთ მაგარ პროფესიულ საქმეს, რომელსაც მალე გაიგებთ და პირობას გაძლევთ, მალე საქართველოზე მსოფლიოს მაღალი დონის ელიტა ილაპარაკებს. სხვა ვერაფერს გეტყვით.
"რეიტინგმა" გიორგი ჩიკვაიძესთან, როგორც ლაქშერი ბიზნესმენთან, ინტერვიუ დაახლოებით ორი წლის წინ ჩაწერა. ამ ინტერვიუში თავის საქმეზე, წარმატებებზე, რადიკალურად შეცვლილ გარეგნობაზე, ვარსკვლავებთან და ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ბავშვობაში ნინი ბადურაშვილზე იყავი შეყვარებული?
- მე და ნინი ვიყავით კლასელები, ძალიან დიდი ხანი მიყვარდა, მთელი ბავშვობა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა.
- საკმაოდ მიზანდასახული ხარ, სხვანაირად არ/ვერ შეძლებდი ამდენს...
- ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ არ არსებობს ოცნება, რომელსაც რეალობად ვერ აქცევ. ხანდახან მეშინია ჩემი ოცნებების, იმიტომ რომ ჩემი ქვეცნობიერი რადიკალურად ყველაფერს ასრულებს. ადამიანი არის ქმნილება, რომელსაც შეუძლია ყველაფერი. არ მიყვარს თამაშები, საიდანაც შეიძლება წაგებული გამოვდივარ, წინასწარ ვაფასებ ყველა რისკს.