31 ივლისი, 2019
„მომავლის ვარსკვლავების“ ახალი აღმოჩენები იტალიაში ალექსანდრე ზაზარაშვილის შემდეგ
22-28 ივლისს საქართველოს ხელოვანთა კავშირმა, რენატა ტებალდის & მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიასთან ერთობლივად, იტალიაში წელს უკვე მესამედ კლასიკური მუსიკის მე-10 საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობდნენ ნიჭიერი მუსიკოსები 5 ასაკობრივ კატეგორიაში, სხვადასხვა ქვეყნიდან, სპეციალობების მიხედვით. პიანისტებიდან გრან-პრი ვირტუოზ ბათუმელ მუსიკოსს - საბა მიქელაძეს ერგო წილად, ხოლო ვოკალისტებს შორის უმაღლესი ჯილდო იტალიელმა სოპრანომ - ფედერიკა ლივიმ მოიპოვა.

გასულ წელს საერთაშორისო ჟიურის აღმოჩენა პატარა ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა. იგი პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხ-ლის, ცნობილი სოპრანოს -
ნინო ლეჟავას ფავორიტად დასახელდა, საპრიზო ადგილიც დაიმსახურა და საქართველოს ხელოვანთა კავშირის თ-რის ნინა კუპატაძის ერთწლიანი სტიპენდიით დაჯილდოვდა. წელს ხელოვანთა კავშირის სპეციალური პრიზი - ფულადი პრემია ახალი ვიოლინოს შესაძენად ნორჩ მუსიკოსს - აკაკი ჯოხაძეს გადაეცა.

პეზაროს აკადემიის პრიზი - უფასო მასტერ-კლასები დაიმსახურეს ვოკალისტებმა საქართველოდან და სასომხეთიდან. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: როსინის ფესტივალის და სიმფონიური ორკესტრის უცვლელი აკომპანიატორი, პიანისტი პაოლა მარიოტტი, ტიტულოვანი მუსიკოსი, როსინის ორკესტრის დირიჟორი, მაესტრო ორლანდო პულინი, ცნობილი ინსტრუმენტალისტი და მწერალი, როსინის ბიოგრაფიის მკვლევარი, ჰობოისტი რაფაელო დე ფეო, კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი, დამსახურებული არტისტი ნინო ქათამაძე, კონსერვატორიის პროფესორი, ფლეიტის ფესტივალის დამფუძნებელი მერი ჟვანია, პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხ-ლი, სოპრანო ნინო ლეჟავა და საქ. ხელოვანთა კავშირის თ-რე, მუსიკოსი, „მომავლის ვარსკვლავების“ დამფუძნებელი ნინო კუპატაძე.

საზეიმო დასკვნითი გალა-კონცერტი პრიზიორთა მონაწილეობით, ქ. კალის მუნიციპალიტეტის ეგიდით კალის უნიკალური აკუსტიკის და არქიტექტურის მქონე, უძველესი თეატრის დარბაზში გაიმართა. მას წინ უძღოდა შეხვედრა მუნიციპალიტეტში ოფიციალურ პირებთან. ჩატარდა მასტერ-კლასები ვოკალსა და ფორტეპიანოში. საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი ნაწილი გრან-პრის მფლობელის ქართველი პიანისტის - საბა მიქელაძის სოლო-კონცერტი გახლდათ.

ის საათნახევრის განმავლობაში შესვენების გარეშე, იტალიელი და ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა ბახის, მოცარტის, შოპენის, რახმანინოვის, გრიგის, ალბენისის, პროკოფიევის და დოლიძის ნაწარმოებებით, რასაც ხანგრძლივი ოვაცია და გულწრფელი აპლოდისმენტები მოჰყვა. საქართველოს და იტალიის მხარეებს შორის გაფორმებული კულტურული მემორანდუმის საფუძველზე, დაგეგმილია „მომავლის ვარსკვლავების“ მიერ აღმოჩენილი ვირტუოზი ნორჩი მუსიკოსების სოლო-კონცერტების ტურნე იტალიის სხვადასხვა ქალაქში.

SABA MIKELADZE – GRAND PRIX, 3 CAT, PIANO, GEORGIA
FEDERICA LIVI – GRAND PRIX, 4 CAT, VOCAL, ITALY

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაია ირემაშვილი
ბრავო!!! მეამაყებით და მიხარიხართ!!! გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალ ვარსკვლავებს და "მომავლის ვარსკვლავებ"!!!
12:47 / 01-08-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS