წავიდა და დატოვა დიდი სითბო, სიყვარული და სიმღერები, რომლებიც დროს გაუძლებს და ყველას უყვარს.
გიო ხუციშვილი ქართულ ესტრადას და საკლუბო სივრცეს ნამდვილად აკლია, თუმცა, ამ დანაკლისს ამიერიდან მისი ვაჟი ზუკა ხუციშვილი შეავსებს.
ზუკამ ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი, რომელიც ახალ სიმღერებთან ერთად, გიო ხუციშვილის სიმღერების ახლებურ ვერსიასაც შესთავაზებს მსმენელს.
ზუკა ხუციშვილის ბენდის პრეზენტაცია, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „ადამოში“ გაიმართა, სადაც სტუმრებისთვის ნამდვილი თბილისური გარემო იყო
ღონისძიების ორგანიზება საკუთარ თავზე, ცნობილმა პროდუსერმა თაკო დოლაბერიძემ აიღო და ისეთი საღამო მოაწყო, რომელიც თბილისს ბოლო დროს განსაკუთრებით აკლია.
ზუკას ბენდი ხუთი მუსიკოსისგან შედგება, მასთან ერთად სცენაზე უმშვენიერეს ანანო ღიბრაძესაც იხილავთ. მას მსმენელი 2009 წლის საბავშვო „იურმალადან“ იცნობს, მაშინ ანანომ კონკურსი მოიგო.
როგორ ჩამოაყალიბა ზუკა ხუციშვილმა ბენდი და რა გეგმები აქვთ, ამის შესახებ „რეიტინგს“ ესაუბრა.
- თითქმის ყველა ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ მუშაობის პერიოდში დავახლოვდით. მიხარია, თბილი და კარგი ადამიანები მყავს გვერდით. მთავარია, რომ ხარისხიან და კარგ მუსიკას ვაკეთებთ.
- კონცერტზე რამდენიმე გიოს რეპერტუარიდანაც შეასრულე, ალბათ ყველაზე რთული მისი სიმღერების შესრულებაა...
- რა თქმა უნდა, გიოს სიმღერების შესრულება განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩემთვის, ფაქიზად ვუდგები და ვცდილობ, მოეწონოს მსმენელს. რაც შეეხება ჩემი და ანანო ღიბრაძის თანამშრომლობას, ჩვენ წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს, ვთხოვე, ბენდს შეერთებოდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ხმები ასე შეეწყობოდა ერთმანეთს.
- კონცერტის მსვლელობისას, მაშინ როცა ყველა ცეკვავდა და თქვენთან ერთად მღეროდა, შევნიშნე, რომ დედა - მაია ჯორჯაძე მითითებებს გაძლევდათ, ასე აქტიურად არის ჩართული თქვენს საქმიანობაში?
- დედა არის ჩვენი ჯგუფხელი, როგორც იცით, ის მუსიკოსია. ყველა ნიუანსში გვეხმარება, ყველა დეტალში ჩახედულია და ის უფრო გვეხმარება, ვიდრე გვგულშემატკივრობს.
ანანო ღიბრაძე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს საღამო, რადგან პირველად მაქვს ასეთი მჭიდრო კავშირი ბენდთან. აქამდე სიმფონიურ ორკესტრთან მიმღერია, თუმცა, ბენდთან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. ზუკა ჩემი მარჯვენა ხელია, ყველაფერში ხელს მიწყობს. ბიჭებს რაც შეეხება, ესენი არიან ისინი, ვინც ქმნის ნამდვილ მუსიკას. გიოს სიმღერების ახლებური ვერსიებიც განსაკუთრებული გამოდის და ჩემთვის პრიორიტეტულია მათთან მუშაობა.