06 მარტი, 2014
რა გახდა ''ერისიონის'' კონცერტის გადადების რეალური მიზეზი? - ''ბიზნესია და აქ ძლიერები იმარჯვებენ ''
კომერციული თვალსაზრისით კი, იმ კომპანიის ბილეთები უფრო მეტად იყიდება, რომელიც უფრო მეტად აქტიურობს "მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვების შესრულება აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებზე ცეკვას უდრის", - ასე შეფასდა ქართული საზოგადოებისგან ერთი წლის წინ "ერისიონის" კონცერტი კრემლის სასახლეში.

ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა ქმედებები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, საზოგადოება "ერისიონსგან" კრემლში გამოსვლისგან თავშეკავებასა და მისთვის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის, ასევე დაფინანსების მოხსნას, ითხოვს.

მოგვიანებით, ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რომ "ერისიონმა" 16 აპრილს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, რის გამოც,
მისივე თქმით, ჯარიმის გადახდა მოუწევს. ჭკუასელის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან საპროდიუსერო კომპანიასთან შეთანხმებით მიიღო და კონცერტის თარიღი მას არც დაუგეგმავს...

თუმცა, მოგვიანებით, ''ერისიონის'' კონცერტის გაუქმების მიზეზად კიდევ ერთი ვერსია გავრცელდა, - რუსეთის ქალაქებში გასტროლს ანსამბლი ''სამაია'' გეგმავს. ანსამბლი მთელ რუსეთში, ოღონდ არა, კრემლის საკონცერტო დარბაზში, თოთხმეტ კონცერტის ჩაატარებს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ძლიერ კონკურენციას უწევს ''ერისიონს''.

ანსამბლის კონცერტები, მისმა პროდიუსერმა, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენმა, ალექსანდრე ნაჭყებიამ დაანონსა, რომელიც რუსეთში საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენია. კომერციული თვალსაზრისით კი, იმ კომპანიის ბილეთები უფრო მეტად იყიდება, რომელიც უფრო მეტად აქტიურობს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე წლის ანსამბლ ''ერისიონსა'' და ''სამაიას'' ბრენდ ქართულ ლეგენდასთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ...

ჩვენთან საუბარში, სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები, ანსამბლ ''სამაიას'' პროდიუსერი ალექსანდრე ნაჭყებია ადასტურებს, რომ ისინი რუსეთის რამდენიმე ქალაქში კონცერტების ჩატარებას გეგმავენ.

- ეს სუფთა კომერციული გათვლაა. მე არ მაქვს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი და შესაბამისად, ბიზნესგათვლას ვაკეთებ. მე არ ვიღებ დაფინანსებას სახელმწიფოსგან... ჩვენი ანსამბლისა და ''ერისიონის'' ანონსი ერთდროულად გავრცელდა. ეს კონკურენციაა და ამ შემთხვევაში, მე რა თქმა უნდა, ვეცდებოდი, ჩემი კონცერტის მაქსიმალურ პოპულარიზაციას.
- ერთდროულად გავრცელდაო, თქვით, მაინც როდის დაანონსეთ, უკრაინის მოვლენებამდე?
- არა, მის შემდეგ, პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ''ერისიონის'' კონცერტების შესახებ, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მე ჩემსას ვაკეთებდი. დღემდე იყიდება ჩვენი კონცერტების ბილეთები. არც ერთი კონცერტი მოსკოვში არ დაგვიგეგმავს, მით უფო კრემლში, არასდროს გვიცეკვია... არ ვიცი, რატომ მიხვდა გვიან ბატონი ჭკუასელი, რომ მის ანსამბლის ავტორიტეტისთვის, სახელმწიფო სტატუსიდან გამომდინარე ეს კონცერტები წამგებიანი იქნებოდა. ისე კი, ეს ბიზნესია და აქ ძლიერები იმარჯვებენ, ამიტომ ვეცადე, ჩემი ანსამბლი კარგად დამეპიარებინა, რამაც შესაძლოა, მაინც და მაინც კარგად არ ასახულიყო კონკურენტ ანსამბლზე...

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯემალ ჭკუასელი მცირედი კომენტარით შემოიფარგლა...

- მოდით აღარ გვინდა ამაზე საუბარი, ჩვენ განვაცხადეთ, - ''ერისიონი" ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ, ზედმეტად არ გავაღიზიანოთ ჩვენი პარტნიორები. ისინი ძალზე კარგი ადამიანები არიან. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ყურადღებით უნდა მოვეპყროთ და სახელი არ გავიტეხოთ. არ უნდა დაგვწამონ, თითქოს, ჩვენ უპასუხისმგებლო ადამიანები ვართ.

ლალი პაპასკირი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS