12 დეკემბერი, 2018
"ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ გადავრჩებოდი" - რომელი ცნობილი მეგობარი გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან ლელა კილაძემ
ყოფილი მოდელი თამუნა ქორქია, ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც ჩიკას დაქალის - მანჩოს როლს თამაშობს.

თამუნას ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, ის 14 წლის ასაკში დიაბეტით დაავადდა, რომელსაც სხვა გართულებები მოჰყვა და 5 წელი ვენაში მკურნალობდა. ამის შესახებ თამუნამ ჟურნალ თბილისელებში ისაუბრა.

მისი თქმით, ექიმები გადარჩენის შანსს ვერ აძლევდნენ, ამიტომ საზღვარგარეთ მოუწია სამკურნალოდ წასვლა, რასაც ორგანიზება მისმა მეგობარმა ლელა კილაძემ გაუწია.

– ავსტრიაში ვმკურნალობდი. იქ, ფაქტობრივად, ახლიდან დავიბადე და ყველაფერს რომ მოვრჩი, უკან
დავბრუნდი. ერთდროულად თირკმელი და პანკრიასი გადავინერგე. 14 წლიდან დიაბეტი მქონდა, მერე თირკმელზე შემექმნა პრობლემები და „გარდაცვალება” ჰქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც მე ვიყავი. კრიტიკული სიტუაცია იყო, ჩემი გადარჩენის სამი პროცენტიც არ არსებობდა. რომ ვიწექი, ექიმების საუბარი მესმოდა: ამის უცხოეთში წაყვანას აზრი არ აქვსო.

ჩემმა მეგობარმა ლელა კილაძემ ვირტუალურად, ერთ დღეში მოახერხა ყველაფერი. ჩემებს უთხრა, რომ აუცილებლად უნდა წავეყვანე. ეს მათაც უნდოდათ, მაგრამ იმ სიტუაციაში დაბნეულები იყვნენ და ლელამ მოაბა თავი ყველაფერს. ოჯახმა მართლა არ იცოდა, რა ექნა.

ექიმები ეუბნებოდნენ, ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებსო, მაგრამ ყველაფერს ლელამ გაუკეთა ორგანიზება. მესმოდა, რომ ჩემი საშველი აღარ იყო და ჩემს დას ვეუბნებოდი: ნუ მაწვალებთ, გამიშვით-მეთქი. ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ გადავრჩებოდი. წავედი, ორი წელი დიალიზზე ვიყავი. შემდეგ დონორი გამოჩნდა და ორივე ორგანო გადავინერგე. ისეთი სასწაული მოხდა, როგორზედაც ვერც ვიოცნებებდი – ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. ჩემს ექიმს რომ ვკითხე, რა არ შეიძლება ჩემთვის-მეთქი? მიპასუხა: თუ გინდა, მოგატყუებ, მაგრამ არაფერი არ გეკრძალება, ყველაფერი შეგიძლიაო (იცინის).

დიდი ხანი ვერ მივხვდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ეს საოცარი ბედნიერების განცდაა. მთელი ცხოვრება პროტესტი მქონდა ჩემი დაავადების მიმართ და ძალიან ბევრი წელი საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ბოლო ათი წელი კი ვუვლიდი, მაგრამ იმ წლებმა თავის შედეგი გამოიღო. კონკრეტულად, ვინმეს სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, მაგრამ ასეთი შედეგი ექიმის გულგრილობის ბრალიც იყო. თუმცა, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპს არ ვნანობ.

პირიქით, დღეს საოცარ შინაგან ბედნიერებას ვგრძნობ და ზუსტად იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გადატანის შემდეგ, ბევრი რამის დაფასება ვისწავლე. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, შვილი არ ჰყავს, რაღაც ისე არ არის და რა აბედნიერებსო, მაგრამ ჩემთვის ყოველი დღე მართლა დღესასწაულია. მყავს ყველაზე მაგარი ოჯახი: და, დედა. მყავდა ყველაზე მაგარი მამა და მყავს უმაგრესი მეგობრები. ბევრს უცნაურად შემოუხედავს, ხომ არ გაგიჟდაო, ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. მაგრამ, რაც გაქვს, იმის გამო ასეთი მადლიერება რომ იგრძნო, ალბათ, უნდა მოკვდე და გაცოცხლდე. მე მოვკვდი და გავცოცხლდი. ამიტომ, ღმერთის ძალიან მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. შეიძლება, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულყო, რომ ამ ყველაფრის შეგრძნება ვერ მომესწრო. ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS