დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა ქართული შოუ-ბიზნესის ათეულობით წევრმა გამოუცხადა.
მომღერლებმა სიმღერის „ჩემი საქართველო აქ არის“ ახლებური ვერსია ჩაწერეს, კლიპიც გადაიღეს და სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ შეხვედრაზე იმღერეს.
ამ კამპანიაში მონაწილეობისთვის მომღერლებისთვის 142,9-დან 600 ლარამდე ჰონორარია გათვალისწინებული. აღნიშნული მონაცემები საარჩევნო შტაბმა აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვალდებულებად (გადასახდელ თანხად) ასახა. თანხის დანიშნულებად "საკონცერტო პროგრამის შესრულებაა" მითითებული.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მომღერლებს თანხა ჯერ არ ჩარიცხვიათ.
„რეიტინგი“ ღონისძიებაში მონაწილე ორ ქართველ მომღერალს დაუკავშირდა.
აჩიკო მეფარიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ანგარიშის რეკვიზიტები მიაწოდა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს, თუმცა, ჩაერიცხა თუ არა თანხა, არ იცის.
- მე ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ყოველგვარი ჰონორარის გარეშე. ზუსტად რა ოდენობის თანხა უნდა გადამიხადონ ამ შეხვედრაზე სიმღერაში, არ ვიცი, რადგან არც კი შემიმოწმებია, რა თანხა დაჯდა ჩემს ანგარიშზე. ალბათ სიმბოლურ თანხას ჩამირიცხავენ, რადგან ფულის გამო ნამდვილად არ მიმღერია.
თიკა ჯამბურია (მომღერალი): მე გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ამ აზრზე ვიყავი მაშინ, ეს აზრი მაქვს ახლაც და ეს აზრი მექნება მომავალშიც. ვერავინ ვერ შემაცვლევინებს ამ გადაწყვეტილებას. თანხაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, არც კი ვიცი, რა ოდენობის თანხას ჩამირიცხავენ, კანონის მიხედვით, უსასყიდლოდ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება და სიმბოლურ თანხას გადამიხდიან ალბათ. თუმცა, ჯერჯერობით არ ამიღია არანაირი ჰონორარი. მე ჩემი სიმღერით მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ეს იყო ჩემი კეთილი ნება და ვის რამდენი ჩაერიცხება სიმბოლური თანხა, არავინ არ იცის.
საკონცერტო ღონისძიების დადგმაში 1000 ლარი გამოუწერეს ჰონორარი ბაკურ ბაკურაძეს. ასევე 600-600 ლარი განკუთვნილია სალომე გოგიაშვილისთვის და აჩი ფურცელაძისთვის.