ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ „იურმალას“ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ გაიცნო, დედოფლისწყაროელების რძალი გახდა. ვახო ჭუმბურიძესთან დაშორების შემდეგ მალევე გავრცელდა ხმები, რომ მაკას ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. მომღერალი ამ ფაქტს დიდხანს მალავდა და არც მის ვინაობას ამჟღავნებდა. თუმცა, ბოლოს მაინც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამჯერად მისი რჩეული სპორტსმენი, მოჭიდავე მიშო ჩოხელი გახდა. ახლახან მაკამ მეუღლის სურათები საჯაროდ პირველად გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 1 წელია დაქორწინდა, მათი საერთო ფოტოსურათები მხოლოდ ახლა გავრცელდა.
მიხეილ (მიშო) ჩოხელი
1992 წლის 7 აპრილს დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა. ის სოფელ ზემო ქედიდანაა და საშუალო განათლებაც ამ სოფელში, ზემო ქედის #2 საჯარო სკოლაში მიიღო. სპორტული ცხოვრება მან მცირე ასაკიდან დაიწყო, რის გამოც ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა. 2013-14 წლებში მიშო ჩოხელმა ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, „მისტერ დედოფლისწყაროს“ და „მისტერ სპორტის“ წოდება მიიღო.
მისტერ დედოფლისწყარო ახლა ვაკეში ცხოვრობს. მან შაბათ-კვირას მაკასთან ერთად მშობლიურ დედოფლისწყაროში სტუმრობა გადაწყვიტა, სადაც მან მეუღლესთან ერთად თათარაობა მოაწყო.
განაგრძეთ კითხვა: