სენატორი მაკკეინი საქართველოს დიდი ხნის მეგობარი გახლავთ. შესაბამისად, მისმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული, მასთან ბევრ ქართველს აქვს საკუთარი მოგონება და მათ შორის არის მოდელი კრისტი ყიფშიძეც.
ბევრ თქვენგანს ალბათ არც კი ახსოვს სენატორ მაკკეინის 2003 წლის ვიზიტი თბილისში. მაშინ მან ოფიციალურ შეხვედრაზე კრისტი ყიფშიძე გაიცნო და ქართველი მოდელით აღფრთოვანდა. ამის
15 წლის წინ, ჯონ მაკკეინთან შეხვედრას "რეიტინგთან" მოდელი კრისტი ყიფშიძე იხსენებს.
- კრისტი, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ, სენატორ მაკკეინთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეთ, რომელიც თბილისშია გადაღებული. ცნობილია, რომ სენატორი მაშინ თქვენით აღფრთოვანდა, იქნებ მკითხველს უამბოთ მასთან შეხვედრის შესახებ...
- ეს მოხდა 2003 წელს, რა დღე იყო ისიც კი მახსოვს - 5 ოქტომბერი. რადგან ამ დღეს არის დედაჩემის დაბადების დღე. საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა, მინდა, რომ მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. ამიტომ "ვარდების რევოლუციამდე" ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში მივიღე მონაწილეობა - ეს იყო აქცია "არჩევნები ძალადობის გარეშე". სწორედ ამ პროექტში მონაწილეობის გამო მომიწია სენატორ მაკკეინთან შეხვედრა.
- მოულოდნელი იყო?
- რა თქმა უნდა, დღემდე მიკვირს ჩემნაირი აპოლიტიკური ადამიანი იქ როგორ მოვხვდი. დამირეკეს და მითხრეს, რომ "მერიოტში" უნდა მოხვიდეთ პრეს-კონფერენციაზეო და წავედი. იქ გავეცანი ბუკლეტებს და შევიტყვე, რა ხდებოდა. გაიღო კარი და მერიოტის პრეს-რუმში შემოვიდნენ სენატორი ჯონ მაკკეინი და მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი. ასე გავიცანი ისინი. ბანერთან ვიდექი, ჯერ ბატონი რიჩარდ მაილსი გამოვიდა სიტყვით და სწორედ ამ დროს გამესაუბრა სენატორი მაკკეინი. ძალიან უშუალო ადამიანი იყო, არ ვიცი, რატომ მაგრამ მე ამომარჩია. მკითხა, რა პროფესიის ბრძანდებითო, ვუთხარი მოდელი და მსახიობი ვარ-მეთქი. მიპასუხა თქვენ ძალიან ლამაზი ხართ და მივხვდი, ამ პროფესიის იქნებოდითო.
როცა ამერიკის ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, სენატორი ჯონ მაკკეინი გავიდა ტრიბუნასთან და ყველასთვის მოულოდნელად მე დამასახელეს კიდევ ერთ გამომსვლელად.
ის დღე არასოდეს დამავიწყდება. ძალიან დატვირთული ვიყავი ემოციურად და დღეს, როცა მისი გარდაცვალება შევიტყვე, ძალიან მეწყინა.
- მას შემდეგ ხომ არ გქონდათ მიმოწერა?
- არანაირი მიმოწერა არ გვქონია, უბრალოდ შევხვდით. წლების შემდეგ, საქართველოდან ჯგუფი იყო წასული მასთან შესახვედრად და თურმე ჩემი ფოტოები ჰქონდა საკუთარ სამუშაო კაბინეტში სხვა ფოტოებთან ერთად გაკრული. ეს როცა გავიგე, ორმაგად მესიამოვნა.