- ეს პრემიერა, პირველ რიგში, შედგა ჩემთვის სარაევოს კინოფესტივალზე. პირველად ვნახე დიდ ეკრანზე. მანამდე ფილმის რეჟისორი, თინათინ ყაჯრიშვილი მიგზავნიდა პატარა ლინკებს, მაგრამ ჩემს თავს დავუდე პირობა, რომ მთლიანი ფილმი დიდ ეკრანზე უნდა მენახა... გიორგი ბოჭორიშვილს მანამდე ჰქონდა ნანახი ფილმი ბერლინის კინოფესტივალზე.
- ანუ ეს ფილმის მეორე საერთაშორისო ფესტივალი იყო.
- კი, ასეა, ოღონდ ამჯერად საკონკურსო სექციაში იყო. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო.
- და შედეგი?
- შედეგი იყო მაყურებლის ემოცია. ეს არის მაყურებელი, რომელიც ძალიან თავისუფალია ემოციებში. ჩვენთან უფრო თავშეკავებულები არიან ამ მხრივ. შეიძლება, ვიღაცას ეცინებოდეს და არ გაიცინოს იმის გამო, რომ მის გვერდით მჯდომი არ იცინის, ტაშის დაკვრა მოერიდოს. იქ ასეთი რამ არ ხდება. ამიტომ პრემიერაზე იყო ძალიან ბევრი ემოცია მაყურებლისგან, ფილმის ბოლოს სლუკუნიც.
- ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე ფილმია...
- მძიმე, თავისი ორი ფინალით. ეს არის ზუსტი მიგნება იმ მინიმალიზმის, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. შეიძლება, ვიღაცამ თავხედობაში ჩამითვალოს, რადგან მეც ვთამაშობ ამ ფილმში, მაგრამ მე მინდა თინათინ ყაჯრიშვილს მივულოცო ეს ფილმი.
- შენი გმირი ქმარს შორდება...
- კი, მერე თხოვდება. მაგრამ მთავარი სწორედ შემდეგ იწყება. რომ გგონია მთავრდება ფილმი, მერე იწყება მთავარი ისტორია, ორი ფინალი შემთხვევით არ ვახსენე. მაგრამ ფინალის გამხელა ახლა დანაშაული მგონია.
- როდის ნახავს ქართველი მაყურებელი ამ ფილმს?
- რამდენადაც ვიცი, დეკემბერში თბილისის კინოფესტივალზე შედგება პრემიერა. მანამდე თუ ვინმეს ძალიან დააინტერესებს, 21-22 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალზეც იქნება ნაჩვენები და მერე კვლავ იმოგზაურებს ფესტივალებზე. მე სიამოვნებით ჩავალ ბათუმში და კიდევ ერთხელ ვნახავ ამ ფილმს დიდ ეკრანზე.
წყარო: პრაიმტაიმი