08 ივლისი, 2018
საქართველო „იქს ფაქტორის“ ფინალს ელოდება - როგორ ემზადებიან კონკურსანტები ხვალინდელი შოუსთვის?
სრულიად საქართველო „იქს ფაქტორის“ ფინალს ელოდება. ყველაზე მრავალფეროვანი ფინალური შოუს ოთხი კონკურსანტი, მაყურებლის წინაშე ორ-ორი სიმღერით წარსდგება.

ანრი, გიორგი, გორის გოგონათა გუნდი, თამთა ხუხუნაიშვილი
- ხვალ ხალხი იტყვის, ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული. მანამდე კი, ფინალის სამზადისის შესახებ, თავად ახალგაზრდა მუსიკოსები გვიამბობენ.

გორის გოგონათა გუნდი: ფინალისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, დღეში 2-3 რეპეტიცია გვაქვს, ბავშვები ტიტანურ შრომას დებენ ხვალინდელ მუსიკალურ ნომრებში. უამრავი გადაღებაც გვაქვს. „იქს ფაქტორის“ ფინალში ორ სიმღერას ვიმღერებთ, ეს არის „შენ ხარ ვენახი“ და ჯემალ ბეგლარიშვილის
კლასიკური ნაწარმოები „ნადური“. ჩვენს გუნდში ბევრი გოგონაა და წერენ, რომ მოვიგებთ, მაგრამ ეს არ არის მოგებისთვის საკმარისი. მთავარია ხარისხი და თუ ეს ხარისხი იქნება გავიმარჯვებთ კიდეც.

თამთა ხუხუნაიშვილი: ხვალ ფინალია და ძალიან ვნერვიულობ. საბედნიეროდ, კარგი სიმღერები შემხვდა და ვცდილობ, კარგადაც ვიმღერო. ისევე, როგორც ყველა კონკურსანტს, მეც მაქვს გამარჯვების იმედი, მაგრამ მაინცდამაინც ამაზე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია, კარგად გავაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ანუ კარგად ვიმღერო და დანარჩენს მაყურებელი გადაწყვეტს.

გიორგი ფუტკარაძე: ბევრს ვმეცადინეობ და საკუთარ თავზე ვმუშაობ ფინალისთვის. მე სასწაულების არ მჯერა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქამდე ერთხელაც არ ვყოფილვარ აუტსაიდერი და ხალხის ასეთი მხარდაჭერა მქონდა, ე.ი. სასწაულები ხდება. გავიმარჯვებ თუ არა ხვალ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის აღარ აქვს, მე უკვე გავიმარჯვე ამ პროექტში, ხალხში მაქვს რეიტინგი. მთავარია ხარისხი, გამარჯვებას რა მნიშვნელობა აქვს.

ანრი გუჩმანიძე: მქონდა ფინალში მოხვედრის მოლოდინი და ახლა ვცდილობ, კარგად გამოვიდე სცენაზე, ხვალ „ბიტლზის“ და ბაკურ ბურდულის სიმღერებს ვიმღერებ. შევეცდები ჩემი ემოციები სწორად გადმოვცე მაყურებელს და გავიმარჯვებ თუ არა, ამას ხალხი გადაწყვიტავს.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS