„კოლექცია მივუძღვენი საქართველოს, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა, გურამი 90-იან წლებში ვიზრდებოდით. ვეცადე, ჩვენებისას თვალი გამესწორებინა შიშისთვის და ტკივილისთვის“, - ამბობს დემნა გვასალია.
"Vogue"-ი წერს, რომ გვასალია ფსიქოლოგიურად ორი წლის მანძილზე ემზადებოდა კოლექციის შესაქმნელად და საბოლოოდ მიხვდა, რომ მზად იყო, წარსული კიდევ ერთხელ გაეხსენებინა.
„დღეს ყველა ომზე და ლტოლვილებზე ლაპარაკობს და მე ვიცი, ეს რას ნიშნავს. უცნაურია, მაგრამ ეს ამბები ჩემი ცხოვრების შესახებაცაა“, - ამბობს დემნა.
პირველ მოდელს, რომელიც პოდიუმზე გამოჩნდა, ეცვა მაისური ტატუებიანი პრინტით. სოციალურ ქსელებში მაშინვე უამრავმა მომხმარებლმა დაწერა, რომ ტატუებიანი მაისურები 90-იან წლებში მარჯიელასა და გოტიეს კოლექციებშიც იყო. თუმცა, "Vogue"-ი წერს, რომ გვასალიას კოლექციაში მაისურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ტატუების კომბინაციაში არის ნიშნები, რომელსაც კრიმინალები, „კანონიერი ქურდები“ საქართველოს ციხეებში იკეთებდნენ.
საქართველოს ისტორიის შესახებ მსოფლიოსთვის მეტი ინფორმაციის მისაცემად გვასალიამ კიდევ ერთი გზა იპოვა - Vetements-ის მობილური აპლიკაციის მომხმარებლები გადამისამართდებიან ვიკიპედიის გვერდზე „ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში“.
დემნამ კოლექციაში არა მხოლოდ წარსული ასახა - ის ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც. მათ შორის არის კლუბ „ბასიანზე“ განხორციელებული სპეცოპერაციაც, გამოჩნდა ქურთუკი, წარწერით "We Dance Together, We Fight Together" („ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით“), რომელიც „ბასიანის“ მოვლენების დროს საპროტესტო აქციების ერთ-ერთ სლოგანად იქცა.
ამასთან, კოლექციაში არის მაისურები, წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“.
„ცოტა ხნის წინ საქართველოში კლუბები დახურეს. ამასთან დაკავშირებული პროტესტების წინააღმდეგ კი სამღვდელოების ნაწილი გამოვიდა“, - ამბობს გვასალია.