27 ივნისი, 2018
სალომე ბაკურაძის და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი "წლის სიმღერა" გახდა - "ოქროს ტალღის" დეტალები
26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქროს ტალღის“ საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. მუსიკალური კონკურსი, წლის სიმღერის დაჯილდოება, სადაც შოუბიზნესის წევრებს 15 ნომინაციაში გადასცემენ პრიზებს, მეხუთე წელია ტარდება.

წელს რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე და „ოქროს ტალღის“ 5 წლის იუბილე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა. სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის შესანიშნავ ვოკალურ პერფორმანსზე მეორე დღეა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით სიმფონიურმა ორკესტრმა კი შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია ქართველ ვარსკვლავებს.

"ოქროს ტალღას" ქართველი მუსიკოსებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მას "ქართულ გრემისაც"
უწოდებენ.
სანამ მომღერლები და დამსწრე საზოგადოება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლებდა, მათ წითელ ხალიჩაზე იპოზიორეს, სადაც მასპინძლობას უმშვენიერესი დალი ჩიტალაძე უწევდა.

"ოქროს ტალღა" გაიხსნა "მრავალჟამიერით", რომელიც ანსამბლმა "შვიდკაცამ" შეასრულა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ რადიო "ფორტუნას" ახლანდელი და ყოფილი წამყვანები. მათ შორის იყვნენ ეკა ხოფერია, ლევან ხურცია, აჩი ფურცელაძე და სხვა ცნობილი ადამიანები.

ღონისძიების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ზუკა ხუციშვილის გამოჩენა იყო. ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი მამის გიო ხუციშვილის ნაცვლად სწორედ ზუკამ აიღო და მსმენელს ემოციურად მიმართა. 

Rating

"დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა… მგონი, ხვდებით, ჩემთვის ძალიან რთულია აქ ყოფნა, გიოს მაგივრად საუბარი. სულ ახლახან ფილარმონიის წინ გაიხსნა გიოს ვარსკვლავი. კონცერტის დროს შეუძლოდ იყო და ზუსტად აი, აქ იჯდა და შეასრულა რამდენიმე სიმღერა. ამხელა სიყვარული, პატივისცემა, ამხელა დარბაზი რომ ადგა და სიყვარული აჩუქა მამაჩემს, ასეთი არაფერი მინახავს, ძალიან დიდი მადლობა…

მე დავინახე, მამაჩემმა თქვენი სიყვარულისგან უკანასკნელად როგორ გაანათა, არასდროს დამავიწყდება და მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ვალში ვიქნებით თქვენ წინაშე. დიდი მადლობა! მადლობა მთელ გუნდს და მადლობა მთელი ჩემი ოჯახისგან…".

ამაღელვებელი იყო ასევე სცენაზე ნანი ბრეგვაძის გამოჩენა, ქართული ესტრადის ლეგენდამ პრიზი სოფია ნიჟარაძეს გადასცა, რომელიც წლის საუკეთესო მომღერალი ქალის სტატუსის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ნომინაციაში შარშანაც სოფომ გაიმარჯვა.

სოფო ნიჟარაძის დაჯილდოვების შემდეგ, ნანი ბრეგვაძემ ეკა მამალაძესთან და ნატალიკოსთან ერთად იმღერა.

რაც შეეხება ღონისძიების მთავარ კულმინაციას - წლის სიმღერას - ამ ტიტულის მფლობელი სალომე ბაკურაძისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი "ერთხელ წვიამიან ქალაქში" გახდა. ამ ნომინაციაში გამარჯვება მომღერლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც სცენაზე გასვლისას აღნიშნეს კიდეც.


Rating

სალომეს და ნოდიკოს პრიზი 5000 ლარის ოდენობით რადიო "ფორტუნას" ხელმძღვანელმა თამარ ჩიგოგიძემ გადასცა.

სიმღერა "ერთხელ წვიმიან ქალაქში" რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა და უკვე 5 მილიონი ნახვა აქვს. 

დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სცენაზე ლიზა ფიშერი გამოვიდა, რომელიც საქართველოში სწორედ ამ დღისთვის ჩამოვიდა და ქართველ მსმენელს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS