05 ივნისი, 2018
"ჯოხი ჩემზე გადატყდა და კინაღამ მოვკვდი" - "იქს ფაქტორის" პირველი ლაივი - დაძაბული შოუ და შოკისმომგვრელი შედეგები
„იქს ფაქტორის“ ლაივ-შოუები გუშინ დაიწყო. მენტორები პირველივე კონცერტზე რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, მაყურებელთა გადაწყვეტილებით, აუტსაიდერებში ია ტომაში და ჯგუფი “funky house”-ი მოხვდნენ.

საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღებამდე, ჟიურის წევრებმა ბევრი იფიქრეს, ბოლო ხმა ანრი ჯოხაძეს ეკუთვნოდა, სწორედ მისი გადაწყვეტილებით დარჩა პროექტში ია ტომაში, რომელსაც აუტსაიდერებში ფაქტობრივად ვერავინ წარმოიდგენდა.

ანრი ჯოხაძე: ყველაფერი დავჩიჩქნე ნერვიულობისგან. პირველად მომიწია გადამწყვეტი სიტყვის თქმა და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჯოხი ჩემზე გადატყდა და კინაღამ მოვკვდი. ია ტომაშს ნამდვილად ვერ გავუშვებდი პროექტიდან, რადგან ის
უმაღლესი კლასის მომღერალია, თან არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ კონკურენტი მოვიშორე.

“funky house”-იც მსოფლიო დონის ჯგუფია, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ კონცერტზე შესრულებული სიმღერის მიხედვით მივიღე და ია ტომაში დარჩა „იქს ფაქტორში“.

გუშინდელი კონცერტის მაყურებლის რჩეული გახდა ნანიკო ხაზარაძის გუნდის წევრი, უმშვენიერესი მარიამ შენგელია, რომელიც მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრით წარსდგა.

Rating

მარიამ შენგელია: ლიდერობას ნამდვილად არ ველოდი, ამიტომ ჩემი სახელის და გვარის გაგონებისას შოკში ჩავვარდი. ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც ერთი ზარი მაინც გაიმეტა ჩემთვის. ვერ აგიხსნით, როგორი სიხარული მაჩუქეთ. რატომღაც გამიმართლა და პროექტში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე, რაც დღევანდელ შედეგზე აისახა კიდეც.

დათო ევგენიძე პროექტში ერთი კონკურსანტით დარჩა, მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტი გორის ბავშვთა გუნდი, რომელიც თითქმის ყველას აღაფრთოვანებს. “funky house”-მა გუშინ ევგენიძის სიმღერა EMOTIONS შეასრულა, თუმცა, ისინი პროექტს მიღმა დარჩნენ.

მარიამი “funky house”-ის სოლისტი: სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ანრი ჯოხაძემ. ია ტომაშის პროექტს მიღმა დატოვება არ შეიძლებოდა. ვიცოდით, რომ დღეს აუცილებლად დავტოვებდით პროექტს, რადგან ასეთ პროექტებში მსმენელს ბენდები არ უყვარს. კიდევ ერთ კონცერტშიც რომ მიგვეღო მონაწილეობა სასიამოვნო იქნებოდა, ძალიან მაგარ მუსიკალურ ნომერს ვამზადებდით, რომელიც დარბაზს დაანგრევდა, მაგრამ მაყურებელმა გადაწყვიტა და ჩვენ პროექტი დავტოვეთ. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS