22 მაისი, 2018
თამთა ხუხუნაიშვილი შეყვარებულს შეურიგდა - იყო რაღაც, რის გამოც უბრალოდ იმ ეტაპზე არ სურდა, რომ მემღერა
19 წლის თამთა ხუხუნაიშვილმა თავისი ვოკალური შესაძლებლობებით X ფაქტორის მაყურებელი მონუსხა. ჟიურის წევრები გაოცდნენ, როცა თამთამ თქვა, რომ სიმღერას დროებით თავი შეყვარებულის გამო დაანება. როგორც თავად თამთამ თქვა, ჩვენთან საუბრის დროს, ის შეურიგდა შეყვარებულს.

- რამდენი ხანია, რაც მღერი?
- ვმღერი, ზოგადად ალბათ ხუთი წლიდან. პატარაობიდან სტუდიაში ვმღეროდი, შემდეგ ახალ ხმაში ვიყავი, მაგრამ ეს საბავშვო პროექტი იყო და მხოლოდ პირველ სეზონში ვიყავი, ლიგიდან გამოვვარდი.

- შეგიძლია გაიხსენო პირველი წარმატება?
- ჩემი პირველი წარმატება იყო ახალ ხმაში...
უფრო სწორად ნიჭიერში იყო, მაგრამ ტელევიზორში არ მაჩვენეს რატომღაც. ათეულში გადავედი, ძალიან დადებითი შეფასებები იყო, მაგრამ დამბლოკეს, ანუ არ მაჩვენეს ეკრანზე. წარმოდგენა არ მაქვს, რა იყო მიზეზი.

- მოგვიყევი შენზე, რას საქმიანობ?
- როგორც ასეთი, ოცნება არ მაქვს. იმიტომ რომ ეს სიტყვა ჩემთვის ასოცირდება მიუღწეველთან, რაღაც ისეთთან, რასაც ვერასდროს განახორციელებ. ადამიანებს ხშირად ერევათ მიზნები და ოცნებები ერთმანეთში. ვსწავლობ ხელოვნების უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ვმღერი, თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ ხოლმე... ძალიან მიყვარს გართობა, ფილმების ყურება...

- "X ფაქტორში" ახსენე შეყვარებული, თქვი, რომ მას არ უნდოდა გემღერა...ხომ არ შერიგებულხართ?
- უბრალოდ რთული პერიოდი გვქონდა ურთიერთობაში, გარკვეული პერიოდი დაშორებულები ვიყავით, მაგრამ შევრიგდით. ჩვეულებვრივ ძალიან მოსწონს ჩემი ნამღერი, მაგრამ იყო რაღაც, რის გამოც უბრალოდ იმ ეტაპზე არ სურდა რომ მემღერა. ცოტა დიდ ხანს გაგრძელდა ეს მოთხოვნები და კონფლიქტი მოგვივიდა. დღეს-დღეობით შევრიგდით და ძალიან ბედნიერად ვართ.

- ალბათ შეიცვალა აზრი მას შემდეგ, რაც ეკრანზე გნახა...
- კი... იცით რა, მართლა ყოველთვის მოსწონდა სიმღერა, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო, არ გამოდიოდა ჩემი სიმღერა. გაბრაზებული ვიყავი და ცოტა მკაცრი განაცხადი გამომივიდა. მართლა ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი. ახლა ყველანაირად გვერდში მიდგას და მგულშემატკივრობს.

- შენი აზრით, ყველაზე კრიტიკული და მკაცრი ჟიურის წევრი რომელია?
- ვერ გეტყვით, ასე ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. ვფიქრობ, მკაცრი არც ერთი არაა. ოთხი სკამის ტურში რა შენიშვნებიც მომცეს, აბსოლუტურად სამართლიანი იყო.

- რადგან ეთანხმები ჟიურის, რომ ოთხი სკამის ტურში შენ ნამღერში იყო ხარვეზები, იქნებ ამის მიზეზი გვითხრა... ძალიან ღელავდი?
- ძალიან ვინერვიულე, მართლა! თან ბოლო რომ ვიყავი, ისეთი კონკურსანტები ისხდნენ სკამებზე, ვერ წარმომედგინა, ვინ შეიძლებოდა, ამდგარიყო. ოთხივე უძლიერესი მომღერალი იყო. სცენაზე რომ გავედი, მთლიანად ვკანკალებდი, ხელები მიკანკალებდა... საშინელ მდგომარეობაში ვიყავი და ჩემი მღელვარება შედეგზეც აისახა.

- ყველაზე ძლიერ კონკურენტად რომელი კონკურსანტი მიგაჩნია?
- (ფიქრობს). რთული სათქმელია... ყველა კონკურსანტი ძალიან ნიჭიერია, საოცარი გუნდია. ია ტომაში არის საოცრება! მუდმივად მის ვიდეოებს ვაზიარებ სოციალურ ქსელში, უძლიერესი მომღერალია. მართალია, ყველა მათგანი ჩემი კონკურენტია, თუმცა, იმდენად მიყვარს ისინი, კონკურენტებად ვერ აღვიქვამ.

- რა შეიცვალა X ფაქტორის შემდეგ შენს ცხოვრებაში?
- საოცარი შეგრძნებაა, ერთბაშად ამდენი სითბო და დადებითი ემოცია ხალხის მხრიდან. რამდენჯერმე ქუჩაშიც გამაჩერეს, ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნო განცდაა ეს. მეგობრები, ოჯახის წევრებიცა და ახლობლებიც ძალიან გახარებულები არიან, ყველა მეუბნება სიმღერას თავი არასდროს გაანებოო და მეც უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს.

- რომელი ჟანრი მოგწონს ყველაზე მეტად?
- სხვათა შორის, ჯაზი მიყვარს ძალიან... პოპიც, როკიც, ყველა ჟანრი მომწონს თავისებურად.

- ვინ არის შენი საყვარელი მომღერალი?
- ვიტნი ჰიუსტონი ბავშვობიდან ჩემი კუმირია და ყოველთვის იქნება, ვერავინ შემიცვლის, ძალიან მიყვარს!

- შეგიძლია დაასახელო შენთვის ყველაზე უცხო და რთული ჟანრი?
- არა. ყველა ჟანრში მიმღერია და თუ სიმღერა ვიგრძენი, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.

- რა მოლოდინი გაქვს X ფაქტორში?
- ჯერჯერობით გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ მგონია ბევრი მიკლია გამარჯვებამდე. პირველი, რასაც ამ პროექტიდან ველი, არის გამოცდილება. X ფაქტორი უდიდეს გამოცდილებას გაძლევს და ძალიან გზრდის ყველანაირად, შესაძლებლობას გაძლევს თავი მაქსიმალურად გამოამჟღავნო. ასევე მნიშვნელოვანია, გამიცნოს აუდიტორიამ და შემდეგ განვიხილავ გამარჯვების საკითხს და რა თქმა უნდა, ესეც უკვე ჩემს სიმღერაზეა დამოკიდებული.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, ვაპირებ სწავლა დავამთავრო და სიმღერას მოვეკიდო მაქსიმალური პასუხისმგებლობით.

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
OK
male amat dashorebaze daweren.
20:29 / 13-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS