15 მაისი, 2018
"ცოტა მეტს თუ მოწევენ, მეტსაც დახარჯავენ" - გაიცანით ბრილიანტების კომპანიის ქართველი თანამშრომელი, რომელიც სუპერ-სთარების პირადი მრჩეველია
იშვიათად მინახავს ისეთი იღბლიანი ადამიანი, როგორიც 28 წლის თაკო სალთხუციშვილია. მას ამერიკაში მოგზაურობაზეც კი არ უოცნებია და ამ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული კარიერა გაიკეთა. დღეს ის ნიუ-იორკში, ოქროსა და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანია Avianne Jewelers-ში მუშაობს და ყოველდღიურად პირადად ხვდება მსოფლიო დონის ვარსკვლავებს.

- ამერიკაში ცხოვრებაზე კი არა, მოგზაურობაზეც არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, საქართველოდან გარკვეული დროით მინდოდა წასვლა და თუ უცხო მხარეში ამხელა წარმატებას მივაღწევდი, ვერც კი წარმოვიდგენდი. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მაინტერესებს ყველაფერი. დღის განმავლობაში ვცდილობ, მაქსიმალურად
ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღო, სხვანაირად, მგონია, რომ დრო დავკარგე და დღეც არაპროდუქტიული იყო.

- ანუ ნიუ-იორკი ის ქალაქი აღმოჩნდა, სადაც საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდი?
- ასე გამოდის. ვიზა შემთხვევით ავიღე, მეგობარს შევყევი საელჩოში, ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი და გამიმართლა. აქ არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა. თავიდან გამიჭირდა, რთული იყო თავის დამკვიდრება. ნაცნობები სოციალურ ქსელში მწერენ: შენ რა გიჭირს, ამერიკაში ხარო. მეცინება.

წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ნიუ-იორკში ცხოვრება. ჩამოსვლიდან 3 თვე ვერანაირი სამსახური ვერ ვნახე, ისეთი ახლობელიც არავინ მყავდა, ვინც მოძებნაში დამეხმარებოდა. ყველა წვალობს, ყველას განსაზღვრული აქვს მთლიანი დღე და არავის სცალია.

ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, 3-თვის ჩამოსულს, 5 დოლარი მქონდა დარჩენილი და ამ დროს, ერთმა რუსმა აგენტმა-ნატაშამ, სამუშაოდ ებრაელების „კალგოტკების“ მაღაზიებში გამიშვა, სადაც პროდუქციაზე ფასები უნდა დამეკრა და საწყობიდან „დახლები“ შემევსო. საათში ათ დოლარს მიხდიდნენ და ეს ფული ძალიან მჭირდებოდა. მესამე დღეს, გამომაგდეს სამსახურიდან. მეპატრონემ მითხრა, რომ ზედმეტად ჭკვიანი კვალიფიციური ვიყავი მათთვის და ჩემთვისაც ჯობდა აღარ მივსულიყავი. გამოვედი მაღაზიიდან, კიბეზე ჩამოვჯექი და არანორმალურივით ვიცინოდი. სწორედ, მეპატრონის სიტყვებით მივხვდი და გავაცნობიერე, რომ ნიუ-იორკში ყველაფერი, ძალიან კარგად მექნებოდა.

- მიუხედავად გავლილი რთული გზისა, დღეს საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვს - ოქროსა და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში თანამდებობაზე მუშაობ. როგორ მოხვდი ამ პოზიციაზე და ვინ გაგიწია რეკომენდაცია ქართველ გოგონას?
- დიახ, ვმუშაობ ოქროსა და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანია Avianne Jewelers-ში, CEO-ს აღმასრულებელ თანაშემწედ და ყოველდღიურად, ვხვდები მსოფლიო დონის ვარსკვლავებს. სანამ აქ მოვხვდებოდი, აგენტმა, ვისი დახმარებითაც სამსახურს ვეძებდი, ამავე ქუჩაზე სხვა კომპანიაში გამიშვა სამუშაოდ, საიდანაც სამ კვირაში წამოვედი უფროსის „ზედმეტად კარგი დამოკიდებულების“ გამო.

რამდენიმე დღეში ერთმა ქალბატონმა მომწერა „ფეისბუქზე“, გავიგე ჩვენს ქუჩაზე მუშაობ, მეც ქართველი ვარ და გაცნობა მინდაო. წამოვედი სამსახურიდან, მაგრამ რატომაც არა, შეგვიძლია ყავა დავლიოთ-მეთქი. მოკლედ ინდირამ ჩემი გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტა დამხმარებოდა და რამდენიმე კომპანიაში რეზიუმეც დამატოვებინა.

ერთ-ერთი იყო Avianne, სამ-დღიანი ტრენინგის შემდეგ, პირდაპირ ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე დამტოვეს. ინდირა არა მხოლოდ სამსახურის მოძებნაში დამეხმარა, ისეთი რჩევებიც მომცა, რომლის დახმარებითაც ვარ დღეს ამ პოზიციაზე. რამდენიმე თვის წინ გადამიყვანეს CEO-ს აღმასრულებელ ასისტენტად და რამდენიმე დღის წინ - უკვე პიარ-მენეჯერად.

- მართალია, რომ ყოველდღიურად ხვდები მილიარდერ ვარსკვლავებს და სწორედ, შენს გემოვნებას ენდობიან ფულის ხარჯვაში?
- ვარსკვლავების სია გრძელი გვაქვს: Lil Uzi, 50 cent, 21 Savage, Amber Rose, Fetty Wap, DMX, Cris Brown, Sean Paul და ბევრი სხვა. ძირითადად ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავები გვყავს. ყველა მათგანის „ჰოსტი“ მე გავხდი რაღაცნაირად, თავისთავად. მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა. საერთოდ, თუ იგრძნობენ, რომ მათი ფანი ხარ, აუცილელბად კაპრიზულები იქნებიან. მე, რეალურად არც ერთზე ვგიჟდები და ჩემთან კაპრიზებით არც გამოირჩევიან.

პირიქით, ყველა განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავს, რაც ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა. საშუალოდ ერთ მოსვლაზე 100 000 დოლარს ხარჯავენ. ცოტა მეტს თუ მოწევენ, მეტსაც დახარჯავენ. თვეში ერთხელ მაინც მოდიან.


ჟურნალი „თბილისელები“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნონა
გეტყობა თბილი გოგო ხარ...იღბალიც თან დაგდევს...სუუულ ყველაფერი კარგად გქონოდეს ცხოვრებაში...
13:01 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS