31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ეთერი
არაჩვვეულებრივი შეფასებაა, მეც ზუსტად ჩემი და ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი დაწერეთ, არ შეიძლება, როცა ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი მეგობრებით შეიკრიბება რესტორანში კარგი დროის გასატარებლად, მაყურებელს ,,შეასაღოს" მაღალი კლასის კონცერტად. ამაზრზენი იყო სცენაზემკერდგადმოგდებული კვანტრიძის ძუნძული და,,შე ჩემა"-ს ძახილი. ესეთი რაღაცეები ძალიან ვიწრო წრეში თქვენთვის გააკეთეთ, და ჩვენ ნუ გაგვრევთ ამ გაუგებრობაში. ერთიც ვერ გავიგე, რატომ იყვნენ პატარა ბავშვებით ამ შეხვედრაზე თუ რაღაც ქვია???? მე მართლა ვფიქრობდი რატომღაც გია ყანჩელისა და რობერტ სტურუას მოწვევაზე. ნუ გაგვლანძღავთ ქალბატონო ნანუკა, გემოვნება აქვს ძალიან კარგი ქართველ მაყურებელს, მაგრამ უგემოვნოდ გაკეთებულ თუნდაც თავის სფეროში ნიჭიერი ადამიანების მოწვევას ვერ ექნებოდა რეიტინგი.
14:51 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლექსო
ორი ბომბორა ქალის მძიმედ საყურებელი ცეკვა-თამაში. გენიალური არა ფეხები
14:49 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
არც ნანუკას ფანი ვარ და არც კონტრიძის,არ მინდოდა ყურება და გადავრთე სხვა არხზე,მაგრამ შენ სტატიის ავტორო ასეთი ამბიცია საიდან გაქვს მაინტერესებს? "რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს. აი ეს წინადადება რომ დაწერე რამდენი გადაგიხადეს? :D :D :D :D
14:49 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ნანუკას შოუს რეიტინგი ნაკლებად მაინტერესებს. აი რაც შეეხება ნიკას, ნინოს და თეონას ძალიან კარგები არიან და პროფესიონალები თავისი საქმის. მე პირადად ვისიამოვნე და დადებითად დავიმუხტე, დარწმუნებული ვარ სხვებსაც იგივე განწყობა აქვთ. ჩვენს პირობებში ნამდვილი ფუფუნებაა ასეთი, თუნდაც სატელევიზიო კონცერტი. ეს სტატია კი კრიტიკა ნამდვილად არაა, უფრო ბოღმის ნთხევას ჰგავს. თორემ კრიტიკა მისაღებია და მისასალმებელიც კი :)
14:46 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
ძალიან კარგი შეფასებაა, იქნებ წაიკითხოს ნანუკამ და ამის მერე მაინ შეიკავოს თავი ზედმეტი ,,გამოხტომებისგან".თავისი გადაცემის ნაკლი მის თავში ეძებოს და არა საზოგადოების უგევნებობაში, რაც ძალიან დამამცირებელი იყო ნამდვილად.
14:40 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS