26 აპრილი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა კრის რის კონცერტის ორგანიზატორი დააკავა
გასულ წელს სოციალურ ქსელში პოპულარული მუსიკოსის კრის რის კონცერტი დაანონსდა. ღონისძიების ორგანიზატორები სოციალურ ქსელში იტყობინებოდნენ, რომ ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი თბილისს სრული შემადგენლობით ეწვეოდა და 30 დეკემბერს კონცერტს ჩაატარებდა, თუმცა, ბილეთების ნაწილი გაიყიდა და კონცერტი არ ჩატარდა.

დღეს დილით საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, 2017 წლის 30 დეკემბერს თბილისში კონცერტს გამართავდა კრის რი.

საგამოძიებო სამსახურის
ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი.

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისას, ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური პიარკამპანია კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა 2 727 ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"რეიტინგი" კონცერტის ორგანიზატორ კომპანიას "ნიჯ გრუპის" წარმომადგენელს დაუკავშირდა და შეეცადა უფრო კონკრეტული დეტალები გაერკვია, თუმცა, მათ ამ ეტაპზე საუბრისგან თავი შეიკავეს. 


შეგახსენებთ, კრის რი მსოფლიო ტურნეს მიმდინარეობის დროს, სცენაზე დაეცა და საავადმყოფოში მოხვდა. გახდა თუ არა მისი საქართველოში ჩამოუსვლელობის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი ან სხვა გარემოება, ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები ჯერჯერობით არ საუბრობენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS