06 აპრილი, 2018
ციცინო კობიაშვილის უგემრიელესი სააღდგომო ღვეზელები
მსახიობი ციცინო კობიაშვილი სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. წელს პასკების გამოცხობას ვერ მოახერხებს.

- სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. წელს, სამწუხაროდ, ვერ გამოვაცხობ პასკებს, რადგან თეატრში რეპეტიციები მქონდა და დრო არ დამრჩა. ჩემი მეგობარი გამიკეთებს პასკებს, შემდეგ კი მე მათ ლამაზად მოვრთავ. მარციპანით, შოკოლადით.... პასკას ყველა თავისებურად ამზადებს, ახალი უნდა იყოს კვერცხი, რძე და სხვა პროდუქტები. ასეთი ინგრედიენტებით მომზადებული ნოტიო და გემრიელი გამოდის.

ჩვენს ოჯახში ცხვრის ხორცი არ უყვართ და შესაბამისად, ჩაქაფულს არ ვამზადებთ. ჩვენი სააღდგომო სუფრის
განუყოფელი ნაწილია ტარხუნის ღვეზელები. ღვეზელების ცომი მაწონზე მზადდება. შემდეგ უნდა ავიღოთ და გავარჩიოთ ნედლი ტარხუნა. მოვთუშოთ მწვანე ხახვთან ერთად, შევურიოთ მოხარშული კვერცხი და ჭყინტი ყველი. დავჭრათ ცომი პატარა ნაჭრებად, გავუკეთოთ ტარხუნის გულსართი და შევწვათ. უგემრიელესი ღვეზელები გამოდის.

- ბევრ სტუმარს ელოდებით სააღდგომოდ?

- ჩვენი ოჯახი სტუმართმოყვარეა, განსაკუთრებით ზამთრის დღეებში. სწორედ ამ პერიოდში არის დღესასწაულები, ჩემი და ჩემი დედამთილის დაბადების დღეები. ამიტომ მუდმივად სტუმრები გვყავს, შემდეგ აღდგომამდე ვისვენებთ და სააღდგომოდ უამრავი ადამიანი მოდის სტუმრად. მეორე დღეს საფლავზე გავდივართ.

- ძვირი დაგიჯდათ სააღდგომო სუფრის მომზადება?

- არ დამიჯდა ძვირი. გოჭებს ჩვენ არ ვწვავთ. ჩვეულებრივი სადილი მოვამზადე. გვექნება ტოლმა, სალათი, ორი ქათამი, ერთი ოჯახისთვის და მეორე საფლავზე გასატანად. კვერცხი, ღვეზელები და პასკა. კარგი პასკის მომზადება იაფი ნამდვილად არ ჯდება და ღირს სახლში მომზადება. ასეთ პასკას არაფერი შეედრება, არც ფუჭდება. თუ გახმება, უგემრიელესი ორცხობილაა. აღდგომა ჩვენთვის არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, გართობასთან და გრიალთან არ ასოცირდება.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS