საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - ეს კი რჩეული სახეობების ჩამონათვალია, რომელიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპერტების მონაწილეობით გამოვლინდა. 7 მარტს პროექტის "10
”ღვინის მწარმოებლებს ჩვენი შედეგები გავაცანით. ახლა კი მათ ვიწვევთ, რომ რეგისტრაცია გაიარონ და მონაწილეობა მიიღონ პროექტის მეორე ეტაპში, რომლის ფარგლებშიც უკვე ღვინის კომპანიების გამოვლენა მოხდება. ჩვენ მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ნებისმიერ დაინტერებულ კომპანიას. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც საბოლოოდ ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,” - განმარტავს "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი საამიშვილი.
ღვინის კომპანიების რეგისტრაციის შემდეგ პროექტის ორგანიზატორი "პალიტრა მედია ჰოლდინგი" ორ ბრმა დეგუსტაციას მოაწყობს, რომლის შედეგადაც უკვე გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან. პირველი ბრმა დეგუსტაცია 29 მარტს გაიმართება და ის საზოგადოების ფართო ფენებისთვის, ცნობილი სახეებისთვისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მოეწყობა. 2-3 აპრილს კი, ასევე, ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე ღვინის ექპერტები გამოავლენენ რჩეულ ღვინის კომპანიებს. დეგუსტაციამდე მათი ვინაობა კონფიდენციალურია.
პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, დეგუსტაციისა და კომპანიების გამოვლენის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება პროექტის პრომოუშენი და მალე ბაზარზე გამოჩნდება 10 ქართული ღვინოც, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ. საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.
პროექტის ორგანიზატორები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ პროექტი ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” დადებითად იმოქმედებს, როგორც თავად კომპანიების, ისე ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.
პროექტი 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც ხმა 200 000-მდე ადამიანმა მისცა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, პროექტის ფარგლებში საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო არა ერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა. სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში, პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა სწორედ ხალხის შერჩეულია.