ინფორმაცია დათო არჩვაძის „ქართული ხმებიდან“ წასვლის შესახებ, „რეიტინგს“ რამდენიმე კვირის წინ მიაწოდეს.
ჩვენ ჯგუფის წევრებთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს ისინი არ პასუხობდნენ. ამიტომ ამ პერიოდის მანძილზე გარკვეულ მოვლენებს ვაკვირდებოდით.
დათო არჩვაძე რამდენიმე კვირაა სოლო კონცერტებს მართავს, ის ანსამბლის წევრებთან ერთად არსად გამოჩენილა.
ამ პერიოდში გამოვიდა ჟურნალი „ჰელოუ“, რომლის ყდაზეც „ქართული ხმები“ დათო არჩვაძის გარეშე პოზირებდა.
დღეს ანსამბლი ამერიკაში გაემგზავრა
ჩვენი წყაროს ცნობით, მუსიკოსების დაპირისპირების მიზეზი ბიზნესი გახდა.
კერძოდ, რამდენიმე თვის წინ, „ქართული ხმების“ წევრებმა გივი და ზურა ბაკურაძეებმა, დათო კიკაბიძესთან ერთად „მომღერალი ღვინო“ გამოუშვეს, პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. დათო არჩვაძე კი პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა და ხმები მათი დაპირისპირების შესახებ სწორედ აქედან გაჩნდა.
„რეიტინგი“ დათო არჩვაძეს დაუკავშირდა:
- ინფორმაციას არ უარვყოფ, თუმცა, ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ. ამაზე არავისთან არ ვსაუბრობ.
- დამოუკიდებლად გააგრძელებთ სიმღერას თუ მორიგი ანსამბლის ჩამოყალიბებას აპირებთ?
- ანსამბლები და კვარტეტები ისედაც ბევრი მყავს შექმნილი.
- ამბობენ, რომ „ქართული ხმების“ წევრებმა ბიზნესში არ ჩაგრთოთ და სწორედ ამიტომ წახვედით ანსამბლიდან...
- ჩემი ბიზნესი მხოლოდ მუსიკაა და სხვა რაღაცეებზე დროს ვერასდროს დავკარგავ. ისე რომ იცოდეთ, თქვენი ინფორმაცია არასწორია.
რეალურ მიზეზებზე საუბრის გაგრძელება დათო არჩვაძემ აღარ ისურვა.