21 თებერვალი, 2018
"სექსიც ჰქონდა ტუალეტში, მაგრამ მაყურებელმა ეს აპატია" - "ჩცდ"-ს ვიკას რეალური ცხოვრება
მსახიობი ია ვახანია სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" წლების წინ მოხვდა და დღემდე მონაწილეობს, ის კატო კირვალიძის ნახევარი და - ვიკა კირვალიძეა. მაყურებელი მისი პერსონაჟის შესახებ ხშირად აღნიშნავს, რომ სერიალის ქალბატონებისგან განსხვავებულ სახეს ქმნის - პოზიტიური და არაბობოქარი გმირია. ბოლო სერიებში ვიკა გააქტიურდა - მის ცხოვრებაში შეყვარებული გამოჩნდა. ია ვახანია AMBEBI.GE-ს მკითხველს ახლა საკუთარ თავსა და როლზე ესაუბრება.

"ვიკა კირვალიძე ჩემი პირველი ეკრანული როლია. თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც სერიალის კასტინგ-რეჟისორი - ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა.
რუსულენოვანი, სლავური გარეგნობის გოგო დასჭირდათ. კასტინგი გავიარე, ოღონდ, ჯერ ფილმზე დამამტკიცეს. ამიტომ, ვიკა კირვალიძეს ჩემს პირველ ეკრანულ სიყვარულად აღვიქვამ. მერე უკვე სერიალშიც მოვხვდი.


გამიმართლა - მეორეკურსელი ფილმში გადამიღეს. ძალიან მიყვარს ჩემი ვიკა, რაც ამას წინათ სცენარისტ ქეთი დევდარიანსაც ვუთხარი...

თან, ვიკას ამბავი ჩემსას ჰგავს, რადგანაც ჩემი ორი უფროსი და (მამის მხრიდან) ზუსტად ასე გავიცანი, როგორც ვიკამ კატო და ლიკუნა გაიცნო. როდესაც სცენარი წავიკითხე, გავოგნდი, - ასეთი დამთხვევა, დიდი იშვიათობაა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმში - კარი გაიღო და ჩემი დები შემოვიდნენ. მაშინ 6 წლის ვიყავი, შუათანა და - 9 წლის, უფროსი უფრო მეტის.



- და სერიალში გადაღების პარალელურად დაასრულე თეატრალური უნივერსიტეტი?


- კი, დავასრულე და წავედი ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც ორი როლი ვითამაშე, თუმცა, იმ პერიოდში სერიალში არ ვყოფილვარ...


- გამოდის, სცენაზე როლის თამაში ორივე ენაზე (ქართული, რუსული) თანაბრად შეგიძლია.


- ძნელია, ჩემთვის სცენაზე ქართულად მუშაობა, მით უმეტეს, თეატრში, რადგანაც ეს არ არის კინო, როცა შეგეშლება და მეორედ დუბლს გადაიღებ. თეატრში მაყურებელს ვერ ეტყვი, რომ ბოდიში, შემეშალა და თავიდან დავიწყებ.

სხვათა შორის, ვამაყობ ჩემი მონაწილეობით გიორგი ხანიდრავას ფილმში "ჰეროკრატიაში". ეს ნამუშევარი, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გამარჯვება იყო. მახსოვს, საღამოს ვჯდებოდი და ღამის 3-4 საათამდე ტექსტებს ვითვისებდი, რაც ტვინისთვის ურთულესი იყო, სულიერად კი - უმძიმესი. დილის 8 საათზე მძღოლი მაკითხავდა, 7-ზე ვდგებოდი. ასე თოთხმეტი დღე და ღამე გრძელდებოდა. არ ვიცი, ის როლი კარგია თუ ცუდი, - ეს სხვამ თქვას, მაგრამ მე ვამაყობ ამ როლით.



- ვიკა კირვალიძეს რომ დავუბრუნდეთ - გგავს?

- სტანისლავსკის სისტემას რომ თავი დავანებოთ, თუ მსახიობმა თავის გრძნობები და განცდები პერსონაჟში არ ჩადო, როლი არ გამოვა. ვიკა რაღაცით მგავს, ალბათ ხასიათით, თუმცა, ვფიქრობ, რომ მე უფრო ფეთქებადი ვარ და ის - მშვიდია.

- კი, ვიკა ძალიან მშვიდია...

- ეს თავისთავად მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საკმაოდ თამამად და ეპატაჟურად გამოჩნდა. გახსოვთ ალბათ, ზუზუ ბეჟაშვილის პერსონაჟთან სექსიც კი ჰქონდა ტუალეტში, მაგრამ მაყურებელმა ეს აპატია... ამჟამად ახალი ბიჭი გამოჩნდა მის ცხოვრებაში.


- უშუალო პარტნიორი მაინც მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეა.

- კი, კატო კირვალიძე, იგივე ნინო გაჩეჩილაძე უნიჭიერესი მსახიობია და ეს ჩანს კიდეც. "გაჩკა" არაჩვეულებრივი პარტნიორია, მასთან მშვენივრად ვგრძნობ თავს. სერიალში ახლა ნიკუშა ნანიტაშვილი გამოჩნდა, ჩემი შეყვარებულის როლს ასრულებს, ასევე ნიჭიერი მსახიობი. მოკლედ, უმართლებს ვიკა კირვალიძეს, ია ვახანიასთან ერთად.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS