„იუთუბის“ მეშვეობით ახალი პროექტი დაანონსდა, – „Hip-Hop ყველა უბანში“. როგორც ორგანიზატორები წერენ, ეს არის აპოლიტიკური არაკომერციული პროექტი, რომლის მიზანია ქართული ჰიპ-ჰოპისთვის პოპულარიზაციის გაწევა, ჟანრის წარმომადგენლების გაცნობა ფართო მსმენელისთვის. „ჰიპ-ჰოპი ყველა უბანში“ გაზაფხულიდან დაიწყება და სხვადასხვა უბანში კომპაქტურ მინილაივებს მოიცავს, ღონისძიებებზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.
პროექტში ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი
ზაზა ნოზაძე:
მუსიკა საუკეთესო პლატფორმაა ჩემი სათქმელის, განცდისა და ემოციის რეალიზებისთვის და დღემდე საუკეთესოდ რჩება. ვფიქრობ, როგორც იქნა, დადგა ეს პერიოდი, როცა ვგრძნობ, აღარ ვართ მარტო, ამ მუსიკას მიექცა ყურადღება, რაც მეტ-ნაკლებად, დაიმსახურა კიდეც. დღეს ქვეყანაში ჰიპ-ჰოპს ყველაზე კარგი განვითარების შანსი აქვს.
ეკუნა ყანჩაველი:
მუსიკაზე არ მივლია. ჩემი მასწავლებელია „იუთუბი“. პატარობიდანვე, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მომწონდა რეპი. ჩემი საყვარელი რეპერი იყო ემინემი და მას შემდეგ კიდევ ბევრი, ვინც მიმახვედრა, რომ ეს ჟანრი იყო ის, რაც მინდოდა. პირველი რეპ-მუსიკა დავწერე დაახლოებით ორი წლის წინ, მანამდე არც მიცდია. ჩემმა თავმა გამაოცა. ფურცელი და კალამი რომ ავიღე და დავწერე რაღაც ხუთ წუთში, მივხვდი, რომ თურმე შემიძლია, – მადლობა ღმერთს (იღიმის).
10 იანვარს პროექტის Pre-Party Elektrowerk–ში გაიმართება და ეს იქნება მისი ერთგვარი წარდგენაც. ღონისძიებაში მონაწილეობენ: Sf-x (ზაზა ნოზაძე), ძვალი (აჩი ვანიშვილი), ეკუნა ყანჩაველი, Fula, Barama, Duda, Ol ‘ Boy, D_versia, Cas, Eshvi, Landi, Tozi, Ras Green & Nick Green, Seqtorada, Birja Mafia.
პროექტის ორგანიზატორია: Abi Tbilisis.