10 იანვარი, 2014
სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძის რისხვა "ახალი ხმის" ნახევარფინალში
სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა საქართველოში მუსიკალური კონკურსების მიმართ საკმაოდ მიკერძოებული და ტენდენციური დამოკიდებულება არსებობს.

ალბათ, შესაბამისი კვლევა რომ ჩატარებულიყო, ქართველები პირველ ადგილს დავიკავებდით მათ შორის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე მეტად ედარდება, რომელ ადგილს აიღებს მისი წარგზავნილი იურმალაში, ''ევროვიზიაზე'' თუ სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე.

ქვეყნის შიგნით, ქვეყნის მთავარ არხებზე მიმდინარე მუსიკალური შოუებიც მუდმივად კამათისა
და განსჯის საგანია.

ასეთთა შორის არის ''იმედის'' ''ახალი ხმა'', რომელიც, წესითა და რიგით, ძალიან რეიტინგული გადაცემა უნდა გამოსულიყო, ახალ-ახალი ვარსკვლავებიც აღმოეჩინა და ისინი საუკეთესო რეპერტუარით წარმოეჩინა ქართველი მაყურებლების წინაშე.

ყოველ შემთხვევაში, ამას აკეთებს ''ახალი ხმის'' ყველა შოუ, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა საქართველოში ის ისეთივე რეიტინგული ვერ გახდა, როგორც სხვა ქვეყნებშია და ამას თავისი სრულიად კონკრეტული, ობიექტური მიზეზები აქვს.

პირველი და უმთავრესი მიზეზი კი არის მწვრთნელთა ის შემადგენლობა, რომელიც ''ვოისის'' პირველ და მეორე სეზონზე ვიხილეთ და მათი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

განსაკუთრებულად კი ამ მხრივ აღსანიშნავია მაია დარსმელიძე, რომელმაც ''ვოისის'' ნახევარფინალში, 7 იანვარს, განსაკუთრებულად არაჰუმანური ქცევით დაგვამახსოვრა თავი თავისივე გუნდის წევრის მიმართ.

არადა, საგულისხმოა პროექტის ფორმატი, რომელიც ყველა სხვა მუსიკალური ანალოგისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალით, მონაწილეებისადმი გამორჩეულად ჰუმანური დამოკიდებულებით ხასიათდება.

მწვრთნელებიც, გადაცემის წამყვანებიც, პროდიუსერებიც და საერთოდ, ყველა ის ადამიანი, ვინც ახლოსაც კი ჩაივლის ამ გადაცემასთან, ვალდებული არიან, მონაწილეს ადამიანურად მოეპყრან, არ დასცინონ, არ გაამასხარაონ და მით უმეტეს, აგრესიული დამოკიდებულება არ გამოამჟღავნონ.

ცნობილია, რომ რუსული ''ვოისის'' წამყვანს, დიმიტრი ნაგიევს პირველი სეზონის მიმდინარეობისას, შოუს ორგანიზატორები დაემუქრნენ, რომ თუკი ტონს არ შეიცვლიდა და მონაწილეების მიმართ სითბოს არ გამოამჟღავნებდა, პროექტიდან კისრისტეხით გაისვრიდნენ, რის შემდეგაც ნაგიევი დარბილდა, დამშვიდდა, თავისი ირონიული მოსაზრებები თავისთვის შეინახა და საკუთარი მოვალეობის შესრულებას ისე შეუდგა, როგორც ამას პროექტი ითვალისწინებს.

ალბათ, ''ახალი ხმის'' მესვეურებს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ ის, რაც 7 იანვრის საღამოს ''ვოისის'' ქართულ ეთერში იხილეს - მაია დარსმელიძის დაუმთავრებელი მონოლოგი, გაგულისებული მწვრთნელი, რომელმაც ვერ დაიოკა ემოციები და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გაანადგურა თავისივე გუნდის წევრი თაკო ოქროპირიძე.

განაცხადა, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიდა ამ მონაწილის მიმართ, რომ თაკო არ იმსახურებდა ფინალში მოხვედრას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ახლობლები უმესიჯებდნენ (?!) და თუკი თაკო ფინალში გავიდოდა, მაია მოხარული იქნებოდა, თუკი პროექტს წააგებდა.

მით უმეტეს გასაკვირია ამგვარი საუბრები იმ ადამიანისგან, რომელმაც თავადვე შეარჩია მონაწილე, დააჭირა ხელი ღილაკს, ამდენ ხანს კონკურსანტი თავის გუნდში ჰყავდა და უცებ აღმოაჩინა, რომ ის ფინალში გადასვლის ღირსი არ არის.

მაგრამ ალბათ, ფორმასაც გააჩნია, როგორ იტყვი ამ ყველაფერს და ბოლოს, როგორ მოიქცევი. როცა შენს კონკურსანტს 100 ქულიდან ერთს დაუწერ და გასაგდებად გაიმეტებ, არანაირ შანსს არ უტოვებ, რომ იბრძოლოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შერჩეული სიმღერა არ შეასრულა, ეს, ალბათ, ადამიანს ძალიან ცუდად ახასიათებს.

მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ.

მათ შორის პიროვნული თვისებებითაც. მთელ სამყაროზე გაბრაზებული მუსიკოსი, რომელმაც არ იცის, როგორ მოექცეს ახალგაზრდა კოლეგას, არცთუ სასიამოვნო სანახავია და მაყურებელი არ არის ვალდებული, რომ მომავალ სეზონშიც უყუროს მსგავს სცენებს.

სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დარსმელიძის ამგვარ საქციელს არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ მიესალმა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი გადაცემის ქართველი ავტორები გაითვალისწინებენ საზოგადოების აზრს და მიუთითებენ ადამიანებს, რომ იმის გამო, რომ მას სიმღერა უნდა, ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 56 /
ანიუტკა
"ანიუტკას"-ს მინდა, მივმართო, ჩემი დრო, ენერგია და რესურსები მე მეკუთვნის და პირადი შეხედულებისამებრ წარვმართავ და ვიყენებ. საშუალო სტატისტიკური ნერვების მქონე ადამიანს ნერვებს არ უნდა ვუშლიდე და გაუწონასწორებლები რა ჩემი სადარდებელია.
17:13 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიუტკა
რამდენიმე შეცდომა მეც გამეპარა, მართალია, საერთოდ არ მაქვს შეხება ჟურნალისტიკასთან და სტატიების გამოქვეყნებასთან, მაგრამ მაინც დავაკორექტირებ: ერთ წინადადებაში ორი "და" გამეპარა და ერთ-ერთის ნაცვლად მძიმე უნდა ყოფილიყო. ორგან მძიმე დამაკლდა, კერძოდ "თუ სურვილი გექნება"-ს შემდეგ მძიმე იყო საჭირო, "ცდილობ შეითავსო"-ში შუაში მძიმე უნდა ჩამესვა. "ახალი ხმა" ბრჭყალებში უნდა მომეთავსებინა."თანაც" ჩართულია და მძიმით უნდა გამომეყო. ეს ხარვეზები უცოდინრობით არაა გამოწვეული, უბრალოდ, ვჩქარობდი და ამხელა ტექსტის გადაკითხვა შემეზარა. სტატია ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე ჩემი კომენტარი და თანაც სტატიის ავტორს მომეტებული წინდახედულობა მართებს "ჩვეულებრივ მოკვდავებთაბ" შედარებით.
17:11 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ანიუტკა ჟურნალისტობას ეპოტინები? :)) არ დაგეზარა ამხელა ტექსტის წერა? :))
17:10 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიუტკას
თვითონ მაია წერს აშკარად :)) ნებისმიერი მიხვდება რომ არასწორი საქციელი იყო მისი მხრიდან შენ კი დგახარდ და ამხელა სისულელეს წერ. დაზოგე საკუთარი დროც და სხვისი ნერვებიც ;)
17:08 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ობიექტური ანიუტკა
ამ სტატიის ავტორს მინდა, შევახსენო ჟურნალისტების ოქროს წესი - მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. იმისათვის, რომ სტატია ხარისხიანი იყოს, მასში მინიმალური დოზით უნდა ვხვდებოდეთ ავტორის შეფასებებსა და პირად მოსაზრებებს და მაქსიმალურად - პირუთვნელ ობიექტურ ჭეშმარიტებებს: ფაქტებსა და გარემოებებს. მე ვუყურე 7 იანვრის გადაცემას და მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ უკიდურესად არაპროფესიონალური პერეფრაზი მოახდინა სალომე დადიანმა სპეციალურად "რეიტინგის" საიტისათვის მაია დარსმელიძის სიტყვების. ეტყობა, ცოტა ლოგიკაში მოიკოჭლებს. კარგად მახსოვს, მაიამ თქვა (არ ვახდენ ციტირებას), რომ თუ ეს კონკრეტული მონაწილე პროექტში გაიმაჯრვებდა, მაია ამ გამარჯვებას არ გაიზიარებდა მონაწილესთან ერთად. წაგება მას საერთოდ არ უხსენებია და არც ლოგიკური პერეფრაზით შეიძლება ამ შინაარსის გამოყვანა. თუ მწვრთნელებს მართებთ ჰუმანური დამოკიდებულება მონაწილეთა მიმართ, მონაწილეებს მართებთ უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულება მწვრთნელების მიერ შერჩეული რეპერტუარისადმი. რაღაც სუბორდინაციის ხარისხი მწვრთნელსა და მონაწილეს შორის უნდა არსებობდეს, ეს გადაცემის ფორმატითაც არის გათვალისწინებული. მინდა, სალომეს ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ გარემოებაზე, ამ "ჩაგრულ კონკურსანტს" ბრმა ქასთინგზე ოთხივე მწვრთნელი შემოუტრიალდა. მიუხედავად ამისა, მან მაია არჩია სხვებს. როცა ირჩევ მწვრთნელს - ირჩევ მის კვალიფიკაციას, კომპეტენციას, გამოცდილებას და, რაც მთავარია, მუსიკალურ გემოვნებას. კარგი მუსიკოსი მიხვდება, რომ მაიას სხვა მწვრთნელებისაგან რადიკალურად განსხვავებული სტილი და მუსიკალური გემოვნება აქვს. ეს შეუიარაღებელი თვალით და ყურით აღქმადია. არაა გასაკვირი, რომ მაიამ მოისურვა მის ყაიდაზე მონაწილის გადმოყვანა. იმიტომ რომ ჰქონდა იმის პრეზუმპცია და ნებისმიერ გონიერ ადამიანს ასეთი პრეზუმპცია ექნებოდა, რომ მონაწილე მის შეხედულებებს გაიზიარებდა. პროექტის ავტორებმაც სწორედ პროექტის მრავალფეროვნების მიზნით შეკრიბეს სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მწვრთნელები და მათ კონკურსანტების ბედი მიანდეს. მათი მიზანი ერთ ჩარჩოში ყველა მონაწილის მოქცევა, რომ ყოფილიყო რეპერტუარს თავად შეარჩევდნენ. პროექტის მიზანია, კონკურსანტმა ისე წარმოაჩინოს ნიჭიერება, რომ მწვრთნელის ხელწერა იგრძნობოდეს, რაც სცდება მხოლოდ ტალანტების ძიების ფარგლებს. იმაზე არავინ დაობს, რომ "ჩაგრული კონკურსანტი" ნამდვილად ნიჭიერია, ხმაც კარგი აქვს და შესრულების მანერაც (მე ნამდვილად მომწონს) და ყოველთვის შეძლებს სხვისი დახმარების გარეშე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. ასეთი პროექტი, სადაც მხოლოდ ტალანტია საჭირო, გვაქვს - "ნიჭიერი". ახალი ხმა კი ცოტა განსხვავებული ფაბულის პროექტია. ყველა პროექტი რომ ერთმანეთს ჰქავდეს, მედიასივრცე ტავტოლოგიაში ჩაიძირებოდა. სალომესგან განსხვავებით ობიექტური ვიქნები და ერთ ორ "ტკბილ სიტყვას" მაიასთვისაც გავიმეტებ. კონკურსანტის სხვა თანამონაწილეებთან მიმართებაში აშკარად წამგებიან პოზიციაში ჩაყენება ცდება შინაგანი პროტესტის ფარგლებს. თანაც ბოლო სიტყვა მაიას ჰქონდა 7 იანვარს და ამის შემდეგ კონკურსანტი უკვე სცენაზე აჩვენეს. ფაქტიურად მაიას კომენტარი უნაცვალგებო აღმოჩნდა, ისე რომ კონკურსანტს მხოლოდ სიმღერით მიეცა შესიტყვების შესაძლებლობა. მაიამ უსამართლოდ გადაანაწილა პროცენტები 99 1-ზე. თიკო მოსემღვდლიშვილის შესრულება ნამდვილად არ იყო 98%-ით უკეთესი. თუმცა აქ, ალბათ, მაიას მიზანი იყო არა კონკურსანტთა ნიჭიერების თანაფარდობის წარმოჩენა, არამედ მონაწილის დასჯა დაუმორჩილებლობისათვის, რაც, ჩემი აზრით, მწვრთნელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ძვირფასო სალომე, არ ვიცი ხარ თუ არა ჟურნალისტი, მაგრამ სტატიების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებამ მაფიქრებინა, რომ მინიმუმ ცდილობ შეითავსო ეს პროფესია. ამიტომაც გეტყვი: "ჟურნალისტი" ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო. პირველ რიგში კი სტილისტურად, ორთოგრაფიულად და პუნქტუაციურად უნდა იყოს გამართული შენი სტატია, თუ მაინცდამაინც შინაარსით არ ბრწყინავს. თუ სურვილი გექნება ბევრ მაგალითს მოგიყვან, მაგრამ ამ კომენტარში მხოლოდ რამდენიმე მარგალიტით შემოვიფარგლები. "მაია დარსმელიძე ნამდვილად კარგი ვოკალისტია, მაგრამ რაც შეეხება მუსიკოსობას, რომელზეც თავს დებს - მუსიკოსი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა დაიმსახურო, რომ მუსიკოსი დაგიძახონ"– ეს არის ამონარიდი ზემოთ მოყვანილი სტატიიდან. მინდა, იცოდე, რომ როცა სიტყვას ისე იყენებ, როგორც მეტყველების ერთეულს, ორივე მხრიდან ბრჭყალებით უნდა გამოყო, როგორც მე "ჟურნალისტი". "ალბათ" ჩართული სიტყვაა და ორივე მხრიდან მძიმით უნდა გამოიყოს და არა მხოლოდ ერთი მხრიდან, თუ იგი წინადადების შუაში გვხვდება და არა დასაწყისში ან ბოლოში. ის კარგად გხსომებია რომ "და"–ს წინ მძიმე ან წერტილი არ იწერება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს წესი რომ არ მოქმედებს, ის უკვე დაგვიწყებია. "და ბოლოს" ასევე ჩართულია, როგორც მაგალითად "საბოლოოდ" და ორივე მხრიდან მძიმით უნდა გამოიყოს და ამ უკანასკნელ წესს უპირატესი ძალა აქვს. იმედი მაქვს, გაითვალისწინებ და მომავალში უკეთეს სტატიებს შემოგვთავაზებ. არ ხარ ვალდებული, გაიზიარო ჩემი აზრი. ჩემს კომენტარს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.
16:56 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სესე
მართალია, ამაზე საკმაოდ მკაცრი ზომები უნდა იქნეს მიღებული. მწვრთნელი, რომელიც აიყვანს მომღერალს, მორალურად არ აქვს უფლება ასე სახალხოდ ლანძღოს და დაამციროს იგი, იმის გამო რომ არ ჯდება გემოვნებაში, არ აცვია სათანადოდ და სოფლებიდან აქვს მიღებული ხმები. თავს დებს თბილისელობაზე და ქმედებით სულ სხვას ამჟღავნებს. არ მოგწონს კონკურენტი, არ ნიშნავს შეულახო უფლებები. სწორედაც მაღალრეიტინგიანი პროექტი ,,ახალი ხმა'' კარგავს რეიტინგს არაკომპეტენტური ჯიურის წევრის კონფლიქტური ხასიათის გამო. რაც შეეხება თაკოს, იგი მუსიკალური განათლებით და მონაცემებით არავისზე ნაკლები არაა...თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ, სადავო მხოლოდ თაკოსადმი დამოკიდებულებაა...
16:55 / 10-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS