15 დეკემბერი, 2017
ვერიკო ტურაშვილმა და თემო საჯაიამ ერთობლივ ჰიტზე, კლიპი გადაიღეს
თუ კიდევ ვინმე იტყვის, რომ ქართულ შოუბიზნესში არაფერი ხდება, მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეცდით. ბოლო დროს ქართული ბომონდი საკმაოდ გააქტიურდა და ახალ კლიპებს, სიმღერებს თუ კარიერულ სიახლეებს გვთავაზობს. ჯერ სულ რაღაც ორი დღის წინ კახა კუხიანიძის და ვერიკო ტურაშვილის ახალი ნამუშევრის შეფასება მოგვიწია.

ვერიკო ამჯერად მაყურებლის წინაშე თემო საჯაიასთან ერთად ჩაწერილი დუეტით წარსდგა. „თოვს" - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ მსმენელის საახალწლო განწყობაზე იზრუნებს. სიმღერის და ტექსტის ავტორი თემო საჯაია, ხოლო კლიპის რეჟისორი
ანრი ჯოხაძე გახლავთ.


ვერიკოსა და თემოს დუეტის მოსმენის შემდეგ, ანრის არ გასჭირვებია, რომ რეჟისორის როლი კიდევ ერთხელ მოერგო. მუსიკალური სასიყვარულო ბალადა, რომელიც ქართული ელემენტებით არის გაჯერებული. კლიპის მთავარი გმირი მოხუცი მდიდარი ქალბატონია, რომელიც ახალ წელს მარტო ხვდება და მას გორის თეატრის მსახიობი ფატი ფულარიანი განასახიერებს. თუმცა,  ვერიკო და თემო ის პერსონები არიან, რომლებიც ქალბატონს მარტო არ ტოვებენ. ეს კი თითქოს ერთგვარი თბილი მესიჯია ყველა მოხუცისთვის, რომ ისინი მარტო არასდროს არიან, მითუმეტეს ახალ წელს.


ანრი ჯოხაძე (მომღერალი, რეჟისორი): ბებო არის აქ ისეთ მთავარ როლში, რომ მთელი ემოცია მასზე ხორციელდება. არის ცოტა სენტიმენტალური, ძალიან საყვარელი და ლამაზი. ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანის მარტოობის განცდა ამ ვიდეო რგოლში იგრძნობა. იმდენად კარგი სიმღერა დაწერა თემო საჯაიამ, რომ ცოტა შურით გავსკდი (იცინის).

თემო საჯაია (მომღერალი):
მიხარია, რომ ახალი რაღაცეები კეთდება და, რაც მთავარია, ახალი და არა 20 წლის წინანდელი სიმღერების ახალი ვერსიები. ეს სიმღერა საკმაოდ დიდი ხანია დავწერე, დაახლოებით 5 წლის წინ. რადგან ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ, მე და ვერიკომ გადავწყვიტეთ, დუეტი ჩაგვეწერა, თან ყოველთვის მინდოდა მასთან ერთად დუეტი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველასთან არ მინდა დუეტის ჩაწერა. ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით,  კარგი პროდუქტი გამოვიდა. ვფიქრობ, ანრიმ იმუშავა ძალიან მაგრად. ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ მან თავად გამოთქვა სურვილი ჩვენთვის კლიპი გადაეღო.


თვალშისაცემია მომღერლების იმიჯი, რომელთა ჩაცმულობაზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იზრუნა.

ვერიკო ტურაშვილი (მომღერალი): სანამ დღევანდელი პრემიერა შედგებოდა,  რადიო ეთერით გავაკეთეთ პრემიერა დ უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობარი წამყვანები. დაახლოებითი პროგნოზიც ასეთი იყო და შედეგმაც არ დააყოვნა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ლაშა ჯოხაძეს, რომელმაც ჩვენს ჩაცმულობაზე იზრუნა. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთად ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს. სატელევიზიო პროექტებზე მუშაობს და ჩემთვის დრო მაინც გამოძებნა.

რატი დურგლიშვილი (მომღერალი): მთელი გულით ვულოცავ ჩემს მეგობრებს. ვიძახდი კიდეც, რომ ამ ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პროდუქტი შეიქმნა და ეს ერთ-ერთია, რომლისგანაც დიდი სიამოვნება მივიღე სიმღერით, ტექსტით და იმ ქალბატონით, რომელიც მონაწილეობდა. დარწმუნებული ვარ, ჰიტი გახდება და ბევრი ადამიანი შეიყვარებს.
ჯერ კიდევ არ დამდგარა ახალი წელი, თუმცა, სიმღერა უკვე მსმენელმა აიტაცა და დარწმუნებულები ვართ, სიმღერა საახალწლო play list-ში საპატიო ადგილს ღირსეულად დაიკავებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS