საფინალო ნომრის ჩაწერას ''რეიტინგი'' ესწრებოდა
12 ნომრიდან 8 აბსოლუტურად უნიკალურ ჟანრს
ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინ გადავიდა ფინალში და ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, თუ რისი ნახვა შეგეძლებათ ფინალურ ტურში.
ჯგუფი ''ვორქაუთი'' - არაჩვეულებრივი ბიჭები, რომლებიც ძელზე საოცარ ნომრებს ასრულებენ.
გიორგი ბაღათურიასა და თამარ ლაჭყებიანის დუეტი, პატარა მომღერალი ბავშვები, რომელთა ხმამაც მაყურებელი მოაჯადოვა.
საქართველოში პირველი მსტვენელი ზურაბ ბალანჩივაძე, რომლის სტვენაც არავის არ აღიზიანებს, პირიქით, სტვენით შესრულებული საოპერო არიები ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია.
ჯგუფი ''სითი ბენდი'' ბათუმიდან. საინტერესოა, რას შესთავაზებენ მაყურებელს, რადგან ორჯერ ისე მოხიბლეს მსმენელი, რომ ამჯერად დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
ლუკა ყვავილაშვილი - პატარა ბიჭი არაჩვეულებრივი მუსიკალური შესაძლებლობებით და განუყრელი კუბიკ-რუბიკით, რომლის საშუალებითაც ბოლო ტურზე ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრის, გეგა ფალავანდიშვილის გულიც კი მოინადირა.
გიორგი სარიშვილი - დრიფტიორი ახალგაზრდა, რომელიც მანქანით არა მარტო ქალებს აშიშვლებს, არამედ საოცარ შოუს დგამს.
ლექსო გიგაური - ილუზიონისტი, რომლის ნომრის საიდუმლო ჟიურის წევრებმა ვერ ამოხსნეს.
უნიჭიერესი მომღერალი გოგონა სალომე ესაძე, რომელიც ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჟიურის რჩეული გახდა.
12 წლის გიორგი კაპანაძე. მისი ვირტუოზული შესრულება ჟიურის იმედს აძლევს, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ყველაზე ნიჭიერი დრამერი.
''ოვერთაიმ'' - რუსთავიდან ჩამოსული პატარა მომღერლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ფინალისკენ საგზური მაყურებელმა გადასცა.
LG-ის ფინალისტი თემო ლოლაძე - იგივე კვერცხულესი გახდა. ინტერნეტში მიღებული ყველაზე მეტი ხმით, ორშაბათს, საღამოს ათ საათზე თემო დანარჩენ ფინალისტებს შეუერთდება. დარწმუნებული ვართ, მაყურებელი მოუთმენლად ელოდება თემოს მტკივნეულ და გამაოგნებელ ტრიუკებს, რადგან მისი გამოსვლები ყოველთვის ყურადღებას იმსახურებს.
K2 - ადამიანები, რომელთათვისაც დაუპყრობელი სიმაღლეები არ არსებობს. პირველ ტურში მათ ფილარმონიის დარბაზში, ოღონდ ჰაერში თოკზე დაკიდებულებმა იცეკვეს. ფინალისკენ საგზური სასტუმრო ''ჰოლიდეი ინიდან'' დაშვებულებმა მოიპოვეს.

დაბოლოს, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მათი საფინალო ნომრის ჩაწერას ''რეიტინგი'' ესწრებოდა და არაჩვეულებრივ შოუს ამჯერად თბილისის ანძიდან შემოგვთავაზებენ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















