26 სექტემბერი, 2017
"ნეტავ, მყავდეს მამაკაცი გვერდით" - რატომ აღარ გათხოვდა ეკა კვალიაშვილი ბერძენ მილიონერზე
ბოლო დროს, გავრცელდა ხმა, თითქოს ეკა კვალიაშვილმა საქართველო დატოვა და რუსეთის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. იმასაც ამბობდნენ, რომ ამ ზაფხულს, კეთილი ადამიანების მიერ სამკურნალოდ გადარიცხული ფული, ეკამ ევროპაში მოგზაურობისას, შოპინგებსა და კოსმეტიკურ პროცედურებში დახარჯაო. რეალურად, რამდენად შეესაბამება ეს ყოველივე სიმართლეს, რის გამო ვერ შეძლო დედის დასაფლავებაზე დასწრება მომღერალმა, აპირებს თუ არა ის გათხოვებას და როგორ იგრძნო დედის გარდაცვალება წინასწარ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

ეკა კვალიაშვილი: ამ გადასახედიდან, ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოვიარე და ყველა წუთისა და წამისთვის მადლობელი
ვარ. ცუდიც ბევრი იყო და კარგიც, მაგრამ ესეც ჩემი ცხოვრებისა და გამოცდილების ნაწილია. ბევრჯერ მიწყობდა ცხოვრება გამოცდებსაც.

- გავრცელდა ხმა, თითქოს მოსკოვში გადახვედი საცხოვრებლად.
- მოსკოვში არ ვყოფილვარ, დაახლოებით, ხუთი წელია. ეს მეც გავიგე, თითქოს მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად და საიდან მოიტანეს, მიკვირს. უბრალოდ, ორი თვეა, რაც ევროპიდან ჩამოვედი, იქ ბევრი მეგობარი მყავს. დავისვენე კიდეც, სამედიცინო კვლევებიც ჩავიტარე. წიგნზეც დავიწყე მუშაობა და სერიოზულ პროექტზეც, რომელზეც ჯერ ვერ გესაუბრებით.

- სამედიცინო კვლევა ახსენე. ყველამ იცის, რომ ჯანმრთელობის მხრივ, გარკვეული პრობლემები გქონდა. ახლა როგორ ხარ?
- როგორც ამბობენ, მე, საფრანგეთში რომანტიკული ღამეებისთვის არ ჩავსულვარ. მჭირდებოდა გარემოს გამოცვლა, დასვენება, სამედიცინო კვლევა და მკურნალობის ჩატარება. ახლა, საგრძნობლად კარგად ვარ. ევროპაში ბევრი მეგობარი მყავს. არც კი ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა მათ და განსაკუთრებით, გოჩა ჯავახიშვილს - საქართველოს დესპანს საფრანგეთში, რომლეიც თან გადამყვა. ასე რომ, მარტო წავედი და საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია მოვიარე. თან დავისვენე, დადებითი ენერგეტიკით დავიმუხტე და თან, ჯანმრთელობასაც მივხედე. არ მიყვარს ჯანმრთელობაზე ლაპარაკი, მაგრამ, როცა ჩემი ავადმყოფობის გამოღვიძების პერიოდები დგება, არსად ვჩნდები და ჩემს პრობლემას თავზე არავის ვახვევ.

- მახსოვს, თქვი, ჩემს ცხოვრებაში არსებობს საყვარელი მამაკაცი და სულ მალე, ქორწილში დაგპატიჟებთო. მოპატიჟება ჯერ არ მიგვიღია და რაშია საქმე?
- თუ მოპატიჟება არ მიგიღიათ, ესე იგი, ქორწილი ჯერ არ მქონია (იცინის). ეგ რომ ვიცოდე, ვის მივყვები ცოლად, კარგი იქნებოდა. ჯერ თქვეს ბერძენია, მერე - არა იტალიელიო… იმდენად მომწონდა ეს ჭორი, რომ მეკითხებოდნენ, ვამბობდი კი, არსებობს ასეთი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში, გულში ვფიქრობდი, იჭორაონ-მეთქი (იცინის). ვხალისობ და მიხარია, ჩემზე რომ ამბობენ, ეკა მილიონერს მიჰყვებაო. მერე კი, ნაწყენი ვრჩები - ისეთ კარგ მამაკაცებს იმეტებენ ჩემთვის, მსოფლიოში უსიმპათუირესს და უმდიდრესს მივყვები ცოლად, ავიწყე ცხოვრება, მაგრამ კი არ მეუბნებიან, მათ ტელეფონის ნომერს და მისამართს. ხომ უნდა ვიცოდე, ცოლად ვის მივყვები? (იცინის) მადლობა, რომ გემეტებათ კარგი მამაკაცები ჩემთვის, მაგრამ მითხარით, სად არიან? (იცინის) ნეტავ, მყავდეს მამაკაცი გვერდით და სულაც არ დავმალავ.

- გასაგებია, რომ ეს შენთვის სახალისო ჭორია, მაგრამ თუ გაგიგია ისეთიც, რომელიც გეტკინა, გეწყინა და გული დაგწყვიტა?

- როგორ არა! რამდენიც გინდათ. მაგალითად, ეკამ ავადმყოფობა მოიგონა ფული რომ შეეგროვებინაო. შეგროვილი ფული კოსმეტიკურ პროცედურებსა და შოპინგებზე დახარჯაო… წერდნენ, იმისთვის გადავურიცხეთ ფული, რომ ამას სახე გადაეტყლარწა და ტუჩები დაებერაო... ეტყობა, კარგ "ვიდუხაზე" ვარ და ამიტომაც არ სჯერათ ჩემი ავადმყოფობის (იცინის). ასე რომ, არც მოსკოვში გადავცხოვრდი, არც საფრანგეთში მიშოპინგია ხალხის გადმორიცხული ფულით და არც მილიონერი საქმრო მელოდება საბერძნეთში. არც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვყოფილვარ. ორვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდი საფრანგეთში და ხშირად ფეხითაც მიწევდა კლინიკამდე მისვლა. ერთხელ, ღია კაფეში ვიჯექი და მის მაღლა ჩანდა კატრინ დენევის ფანჯრები. ფოტო გადავიღე და დავდე სოციალურ ქსელში. მირეკავს ჩემი შვილი, სასწრაფოდ წას ალე ფოტოო. რატომ-მეთქი. ერთი ამბავი ატყდა – აი, ეკა კატრინ დენევის ბინის ქვეშ, კაფეში ზის. ამისთვის გადავურიცხეთ ფული, რომ იქ ისეირნოსო? ეს არ გამკვირვებია, უბრაოლდ, მიკვირს, ის რატომ არ თქვეს, ეკა, კატრინ დენევის დაქალია და ალენ დელონმა სთხოვა ხელიო. ასე რომ, ამ ერთმა ფოტომ, სკანდალში გამხვია. სხვათა შორის, როცა საფრანგეთში ვიყავი, დედა გარდამეცვალა და ვერ ჩამოვედი. რაცკ ი თანხა მქონდა, თბილისში გამოვაგზავნე და ბილეთის ფულიც კი არ დამრჩა. ტელეფონში მქონდა პირდაპირი ეთერი ჩართული, იქ ვიღებდი მისამძიმრებებს და დედასაც დავემშვიდობე. მანმადე, სანამ წავიდოდი, დედა მოვიდა ჩემს სანახავად. ვისაუბრეთ და როცა წავიდა, ზუსტად ვიცოდი ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. ვერ გეტყვით, როგორ, მაგრამ შინაგანად ვიგრძენი. ასეც მოხდა - ეს იყო ბოლო ჩახუტება და გაცილება. ვიცი, ის ჩემგან არ წასულა, უბრალოდ, სხვა განზომილებაში გადავიდა.

ნონა დათეშიძე
ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS