21 სექტემბერი, 2017
ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს
16 და 17 სექტემბერს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი უნდა გამართულიყო. ვარსკვლავის ქართველი ფანები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოემზადნენ ამ თარიღისთვის - თვეებით ადრე შეიძინეს საკმაოდ ძვირადღირებული ბილეთები (მინიმალური ფასი 90 და 150 ლარიდან იწყებოდა), დაჯავშნეს სასტუმროები, სამგზავრო ბილეთები და ა.შ. თუმცა, ვარსკვლავის დაანონსებულ ჩამოსვლამდე 10 დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ელტონ ჯონი საქართველოში აღარ მოემგზავრებოდა. ორდღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, კომენტარი გააკეთა "ისთენ ფრომოუშენმა", რომელიც კონცერტის ორგანიზებას SOLO-სთან ერთად აკეთებდა:

"ბრიტანელი
პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება" - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.

როგორც "სოლოში" განმარტეს, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი, მუსიკალური დირექტორია და მის გარეშე კონცერტი ვერ გაიმართებოდა.

საინტერესოა, რომ პოპ-ვარსკვლავმა საქართველოში კონცერტები გადადო, თუმცა არ შეუცვლია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი კონცერტი და ტურნეს გრაფიკი.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS