08 სექტემბერი, 2017
ელტონ ჯონის კონცერტი მომავალ წელს გაიმართება
ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებაზე მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. "ბლექ სი არენაზე" დაგეგმილი ეს ორი კონცერტი იქნება ერთადერთი, რომლებსაც ელტონ ჯონი მომავალ წელს ევროპაში ჩაატარებს.

ამასთან, როგორც "სოლოში" აცხადებენ, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს
ჯგუფის შეუცვლელი წევრი და მუსიკალური დირექტორია.

როგორც "სოლოში" განმარტავენ, ელტონ ჯონი, მისი ბენდი და ბენდის მენეჯმენტი "სოლო" და "ისთერნ პრომოუშენი" წუხან მომხდარის გამო და ბოდიშს უხდიან ქართველ მსმენელს. ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით ელტონ ჯონის წარმომადგენელი ოფიციალურ პრესრელიზსაც ავრცელებს.

გარდა ამისა, 16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთების მფლობელები, 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბრის ბილეთები გადადის 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები - 1-ელი ივლისის კონცერტზე.

სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა.

ამასთან, ბილეთების გაყიდვა განახლებული თარიღებით 20 სექტემბრიდან დაიწყება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS