ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ტელევიზიიდან მიდის. ვრცელ მიმართვაში, რომელიც ჟურნალ "სითი"-ში სარედაქტორო სვეტში გამოქვეყნდა, ხოფერია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ტელევიზიიდან წასვლა გადაწყვიტა. წერილი "ჩემი ახალი ოთხშაბათი" "სითის" 13 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა და მას უცვლელად გთავაზობთ:
"ის ის იყო, ტელევიზიიდან ჩემი წასვლის შესახებ "სითის" სარედაქტორო დავწერე და სეზონის ბოლო გადაცემის მშვიდად დაგეგმვას შევუდექი, რომ აურზაური ატყდა;
მირეკავდნენ, მწერდნენ, კითხულობდნენ. მივხვდი, რომ ასე არ გამოვიდოდა. ძველი სარედაქტორო უკან დავაბრუნე და ახლის წერას შევუდექი.
ერთი
მთავარი ამბისთვის უნდა მომეფინა ნათელი და გამეცა პასუხი: რამდენად შესაძლებელია გადაცემის დასრულებისა და ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება შენ თვითონ მიიღო? "მოიცა, გამოგიშვეს?", "გამაგრდი, შენთან ვართ", "ალბათ, მაია ასათიანი მართლა გადმოდის "იმედზე" და ეკას ეწყინა და წავიდა"(!!!), "ფული აღარ იყო და ვეღარ დაფინანსდებოდა"... ჯვარი მწერია და ცოტათი პანაშვიდსაც კი წააგავდა ყველაფერი და უცებ დავიბენი. მეგონა ის, რაც ჩემში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მწიფდებოდა და იხარშებოდა, თქვენც იცოდით, მეგონა, სულ გიზიარებდით და იტყოდით, ჰო, აბა რა, მართალი ხარ, შენ ხომ სულ გვეუბნებოდიო. დედაჩემმა იცის ხოლმე თქმა, შენ შენთვის რაღაცას ფიქრობ, ან წარმოიდგენ და გგონია, რომ სხვებმაც ასე იციან და ხშირ შემთხვევაში ასე არააო. ჰო, არაა ასე.
მოკლედ, ამბავი ასე უნდა დავიწყოთ:
9 ივლისს 45 წლის გავხდი და საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე: ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე, ეტაპი ტელევიზიის გარეშე, ტელევიზიის, მაგრამ არა ჟურნალისტიკის გარეშე. სპონტანურად ცხოვრებაში არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ასე იყო პოლიტიკური ჟურნალისტიკის დასრულების ეტაპზეც. მას მერე ბევრჯერ იყო შემოთავაზება პოლიტიკურ ჟურნალისტიკას დავბრუნებოდი (მათ შორის, ამ სამიოდე თვის წინ "იმედზეც"), იყო ფიქრი, იყო ცდუნებაც კი, მაგრამ ვერ დავუბრუნდი. მინდოდა, ის გადაცემები, რომლებიც ჩემი და, იმედი მაქვს, თქვენი აზრითაც, კარგად გამომდიოდა, დამეტოვებინა ისეთებად, როგორებიც იყო. შესაძლოა, მეშინოდა, რომ ისევე კარგად არ გამომივიდოდა და, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკა აღარც მაინტერესებდა.
იხილეთ სრულად: