ასე რომ, შემდეგ ეტაპზე, პირველი რინგების შემდეგ, ოთხივე ქართველი გადავიდა. ერთ-ერთი საინტერესო და გულისამაჩუყებელი იყო ორი ქართველის
ნოდარ რევია და გიორგი მელიქიშვილი, რომლებიც პელაგიას გუნდში იყვნენ, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ და ცნობილი რუსული სიმღერა ''ტუდა'' იმღერეს, ოღონდ ქართული მოტივებით.
სიმღერა იმდენად კარგად შესრულდა, მაყურებელიც ტიროდა და რაღა დაგიმალოთ, თქვენს ბუკლესაც წამოსცვივდა ცრემლები. ეს ჩვენი ნიჭიერი ქართველები სად აღარ არიან და საქართველო კი თანდათან იცლება.
საბოლოოდ პელაგიამ არჩევანი ნოდარ რევიაზე შეაჩერა, რომელსაც, როგორც ამბობენ, საფინალედაც ამზადებს, რადგან გარეგნული მონაცემებით, სასცენო მოძრაობებითა და საშემსრულებლო მანერით აშკარად გამორჩეულია.
გიორგი მელიქიშვილის შემთხვევაში კი ლეონიდ აგუტინმა გამოიყენა თავისი უფლება, ღილაკს დააჭირა თითი და თავის გუნდში გადაიყვანა. ასე რომ, ახლა აგუტინს ორი ქართველი ჰყავს - ეთერ ბერიაშვილი და გიორგი მელიქიშვილი.
კიდევ ერთი ქართველი, გელა გურალია, რომელიც განსაკუთრებული, როგორც რუსმა ჟიურის წევრებმა უწოდეს, კოსმოსური ხმით გამოირჩევა, დიმა ბილანის გუნდშია. რინგების შემდეგაც შეინარჩუნა ადგილი და მორიგი ეტაპისთვის ემზადება.

საერთოდ, წლევანდელ ''ახალ ხმას'' რუსი ჟურნალისტები აფასებენ, როგორც შარშანდელზე გაცილებით უკეთესს ხარისხითა და პროფესიონალების რაოდენობით და იმასაც აღნიშნავენ, რომ წელს გაცილებით ნაკლებია, ასე ვთქვათ, ქუჩიდან მისული, სრულიად ახალი ხმა.
უმეტესობა შემდგარი მომღერალია. ასეთ დროს განსაკუთრებით აღნიშნავენ ქართველ ეთერ ბერიაშვილს, რომელიც რუსეთში ცნობილი ჯაზმომღერალია, თუმცა მაინც სცადა ბედი, რადგან სურს, თავისი ნიჭი უფრო ფართო მასებში გამოიტანოს.
ვნახოთ, რას იზამენ ჩვენებურები შემდეგ ეტაპებზე. იმედია, ნახევარფინალებსა და ფინალშიც ვიხილავთ და თუ ტენდენციურობაში არ ჩამომართმევენ, ვისურვებ, რომ გამარჯვებულიც ქართველი იყოს. რატომაც არა?
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















