შოთიკო:
- თქვენთვის ერთი ინფორმაცია მაქვს, მზია მაღლაკელიძე გაგვითხოვდა.
- რამდენი წლისაა ქალბატონი მზია?
- როგორც ვიცი, მეუღლე 43-წლისაა. მზია-77-ის. ეს კაცი მზია მაღლაკელიძის ოჯახში მუშაობდა. ორი წელი დადიოდნენ ერთად. ახლა საცხოვრებლად მზიასთან გადავიდა.
შოთიკოსთან საუბრის შემდეგ ქალბატონ მზიას დავუკავშირდით:
- ქალბატონო მზია, გავიგეთ რომ დაოჯახდით.
- რა სისულელეა.
- თქვენი ოჯახის ახლობელმა შოთიკო კალანდაძემ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია.
- შოთიკო რომ ამის თქმას აპირებდა საჯაროდ, მეც მითხრა, მაგრამ რა ვქნა ახლა, გავგიჟდე და გადავირიო?
- იტყუება შოთიკო?
- არ ვიცი რას აკეთებს, ფაქტია, რომ სისულელეს ამბობს. ის ადამიანი არ ვარ, რომ რამე დავმალო. მე რომ დავმალო, სიმართლე ხომ მაინც არ დაიმალება.
- შოთიკოს რაში დასჭირდა ამ ყველაფრის მოგონება?
- არ ვიცი, ვერ ვხვდები.
- თქვენ ხომ კარგი მეგობრები იყავით და მის ბევრ ფილმში მიგიღიათ მონაწილეობა?
- ახლაც ვახლობლობთ. ნიჭიერი კაცია და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა რომ ურევს, ფაქტია.
- მე კი მოსალოცად გირეკავდით.
- მადლობა, ჩათვალეთ რომ მომილოცეთ, მაგრამ არაა ეგ მართალი ამბავი. გადასარევი ქმარი მყავდა, ჯემალ შანშიაშვილი. ძალიან დიდი პიროვნება იყო, რომელიც ვერ იქნა და ვერ დააფასეს საქართველოში ისე, როგორც საჭიროა.
- შოთიკო ამბობს, რომ ის უნახავს, რომ ის ადამიანი თქვენს სახლში ცხოვრობს.
- ჩემს ოჯახში მუშაობდა და ტაქსისტია, არა? (იცინის), ვაიმე, ვაიმე, ვაიმე, ვისთან არ ვუნახივარ და მაინცდამაინც ეს მომაწერა. შეიძლება თვითონ იფიქრა ასე. ვინმესთან რომ რამე ინტიმური ურთიერთობა მქონდეს, არ ვარ ის ქალი, რომ დავმალო. ახლა ჩამოვფრინდი ნიუ-იორკიდან. სადაც ჩემს ქალიშვილთან ნუცასთან ვიყავი და შვილის გაზრდაში ვეხმარებოდი. საოცრად კარგი ბიჭი გვყავს.
- დიდი ბიჭი გაგეზარდოთ.
- გაიხარე, დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი გათხოვების ამბავი, მტკნარი სისულელეა.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















