თანამედროვე პერიოდისთვის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში არ აჩენს - იშვიათობაა. არადა, სულ
მაგალითად, ელისაბედ II ლონდონში ჩვეულებრივ სახლში გაჩნდა: ბრიუტონ-სტრიტზე, 17 ნომერში. თვითონ ელისაბედმა ძველებურ ტრადიციას მისდია და მისი სამივე ვაჟი ბუკინგემის სასახლეში გააჩინა, ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა ანა, კი კლარენს-ჰაუსში გაჩნდა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვესტმინსტერულ რეზიდენციაში. ტრადიცია გასული საუკუნის 1980-იან წლებში დაიკარგა, როცა პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პირველად დღის სინათლე პადინგტონში, წმინდა მარიას კერძო კლინიკაში იხილეს. სწორედ იქ მოევლინა ქვეყანას კეიტისა და უილიამის ვაჟი.
დიდი ხნის განმავლობაში უფლისწულები შინ იღებდნენ განათლებას. ელისაბედ II-ს მამამისი, აღმზრდელები და გუვერნანტები ასწავლიდნენ. ჩარლზი სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც სკოლა დაამთავრა. არც კეიტი და უილიამი დაუშლიან შვილს სკოლაში სიარულს, თუნდაც იმიტომ, რომ თავად სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი.
ჯერ კიდევ მშობიარობამდე უილიამმა გამოაცხადა, რომ კეიტის მხარდაჭერას აპირებდა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში. მან სიტყვა შეასრულა. ამგვარად მამის, პრინცი ჩარლზის კვალს გაჰყვა. „მიხარია, რომ ამ მომენტში შევძელი დიანას გვერდით ყოფნა. დღის ბოლოს სრულიად სხვანაირად დავიწყე ბავშვის დაბადების აღქმა და შეგრძნება“, - აღიარა ჩარლზმა უილიამის დაბადების შემდეგ. თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. როგორც ჰყვებიან, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი სკვოშს თამაშობდა სასახლეში, როცა მისი ცოლი დედოფალი ელისაბედ II თავის პირმშოს - ჩარლზს აჩენდა.
გასული ასწლეულის დასაწყისში, ან შეიძლება უფრო ადრეც, არსებობდა ასეთი ტრადიცია - ერთ-ერთი ჩინოსანი მაინც უნდა დასწრებოდა მომავალი მემკვიდრის დაბადებას, იმის შიშით, რომ არავის შეეცვალა ჩვილი. როცა დედოფალი დაიბადა, 1926 წელს მის გაჩენას ექიმების გარდა ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ტყუილად არ იცავდნენ - მთავრობას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ბავშვი არ იყო „შემოგდებული“ ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი. საბედნიეროდ, ეს წესი გეორგ VI-მ შეცვალა.
მეფის შვილის გაჩენის ანონსირების ტრადიცია ასევე უჩვეულოა: კურიერი ქაღალდებით ხელში, რომელზეც მითითებულია ჩვილის სქესი, წონა და დაბადების დრო, ჰოსპიტლიდან ბუკინგემის სასახლემდე მიდის. მერე ეს ბიულეტენი სპცეიალურ დაფაზე იკიდება სასახლის წინ - რომ ახალი მემკვიდრის შესახებ ყველამ გაიგოს. ამჯერად ბავშვის დაბადება ინტერნეტით ამცნეს მსოფლიოს - ადამიანების უმრავლესობამ მონარქიულ ოჯახში ბავშვის დაბადების ამბავი ბრიტანეთის მონარქიის ოფიციალური ექაუნთიდან გაიგო, „ტვიტერშ“.
ჩვეულებრივ, სამეფო ოჯახის წევრებს სახელებს არქმევენ 3-4 წინა მონარქის ან სხვა ნათესავების პატივსაცემად.
მაგალითად, ელისაბედ II-ის სრული სახელია ელისაბედ ალექსანდრა მარია, რომელიც დედის, ბებიისა და დიდი ბებიის პატივსაცემად დაერქვა. უელსის პრინცის სრული სახელია - უილიამ არტურ ფილიპ ლუისი. კეიტისა და უილიამის შვილს ჯორჯ ალექსანდრ ლუი დაარქვეს. როცა უილიამი დაიბადა, მისი სახელი საზოგადოებას ერთი კვირა არ ეცნობებოდა.
მეფისწულებს რამდენიმე დღეში ან კვირაში ნათლავენ და ამ საიდუმლოებისთვის რამდენიმე შესაფერისი ადგილი არსებობს. ამჯერად იქნება ეს სამლოცველო ბუკინგემის სასახლეში თუ მუსიკალური ოთახი იქვე, სადაც უილიამი და ჩარლზი მონათლეს, ჯერ უცნობია. წყვილს არც იმაზე გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, აიყვანენ თუ არა ძიძას.
ბევრი ვარაუდობს, რომ მეფის ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, წყვილმა შვილი შეიძლება, თვითონ გაზარდოს. ასევე სავარაუდოა, რომ კეიტის მშობლები, მაიკლ და კეროლ მიდლტონები დაეხმარებიან მას ბავშვის გაზრდაში. ადრე კი სამეფო ოჯახში მეფისწულებს უფრო ხშირად ნახავდით ძიძებთან, ვიდრე მშობლებთან. უილიამი და ჰარი ძალიან იყვნენ მიჩვეულნი ტიგი ლეგი-ბურკს, რომელიც ისეთი ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ გაზეთები წერდნენ.
ჟურნალი „რეიტინგი“