30 ივლისი, 2013
აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა
კორტები რომ ბათუმის ჯაზფესტივალისთვის გამოუსადეგარია, ისიც მოწმობს, რომ გაშლილი სივრცის გამო ვერ ხერხდება კარგი ხმის ''დაყენება'', შესაბამისად, იფანტება ბევრი ისეთი ნოტი, რომლის დაჭერაც მელომანის ყურს დიდად ესიამოვნებოდა ჩემს კუდაბზიკა დაქალებთან ერთად, როგორც კაი ხალხი იტყვის ხოლმე, ''ჯაზების'' მოსასმენად ზღვისპირეთს მივაშურე. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ბათუმის საერთაშორისო ჯაზფესტივალის ჰედლაინერი გახლდათ ლეგენდარული შემსრულებელი, 7 ''გრემის'' მფლობელი ელ ჯერო, ასევე ჯაზის მოყვარულებს ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ კარმენ სოუზას კვარტეტისთვის, გიტარისტ მაიკ სტერნისა და ბასგიტარისტ ვიქტორ ვუტენის ვირტუოზული დუეტისთვის და ბოლოს, საქართველოში
არცთუ ცნობილი, მაგრამ რიტმ ენდ ბლუზისა და ჯაზის ამომავალი ვარსკვლავის, ხოსე ჯეიმსისთვის, რომლის ბენდი ცალკე აღნიშვნის ღირსია.

პირადად მე, ხოსე ჯეიმსის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვინაიდან მისი კონცერტი კვირას იყო და მეორე დღეს, ყველა ნორმალური ადამიანივით, სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, სწორედ ჯეიმსის გამოსვლაზე დასწრება ვერ მოვახერხე, არადა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწორედ დასკვნითი კონცერტი იყო ყველაზე საინტერესო. თუკი არ მოგისმენიათ ხოსე ჯეიმსის ახალი ალბომი და მეტიც, არც მისი ძველი სიმღერების მოსმენით შეგიწუხებიათ თავი, ბუკლე, როგორც მუსიკის დიდი მოყვარული, გირჩევთ, სასწრაფოდ მოინახულოთ ''იუთუბი'' და მისი რამდენიმე კომპოზიციით მაინც დაიტკბოთ სმენა.
Rating
მოკლედ, მე მხოლოდ და მხოლოდ ორ კონცერტს დავესწარი, მათ შორის, ერთ-ერთი ფესტივალის გახსნაზე ელ ჯეროს გამოსვლა იყო. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ამ შესანიშნავი შემსრულებლის კონცერტზე დასწრება ძალიან მინდოდა. თავს იმით ვიმშვიდებდი, ასაკის მიუხედავად და იმის მიუხედავად, მღერის უკვე თუ ვეღარ-მეთქი, ამ ლეგენდარულ მუსიკოსს თვალს შევავლებდი და ამით დავიკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობას, თუმცა, ვინაიდან კარგი კონცერტებისა და ლაივების მოყვარული გახლავართ, ელ ჯეროს გამოსვლით კმაყოფილი არ დავრჩი.

73 წლის მუსიკოსი ფორმაში აღარ არის, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას ისიც მოწმობდა, რომ პოლ დეზმონდის ცნობილი კომპოზიცია ''თაკე 5''-ის ბათუმური შესრულება ახლოსაც ვერ მოვიდოდა ელ ჯეროს ადრინდელ იმპროვიზაციებთან, მეტიც, ამ ვარიანტში ინსტრუმენტალი უფრო მეტი იყო, ვიდრე თავად ელ ჯეროს ხმა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპოზიციაში მან თავისი ბენდის ახალგაზრდა ვოკალისტიც დაიხმარა, რომელიც, უნდა აღინიშნოს, არაჩვეულებრივად მღეროდა.
Rating
მეორე მიზეზი, რის გამოც კონცერტით ბოლომდე ვერ ვისიამოვნეთ, ის იყო, რომ ბათუმში, როგორც ყოველთვის, წვიმდა. ელ ჯერო და მისი ბენდის წევრები სცენაზე კომფორტულად იყვნენ მოწყობილი და არ აწვიმდათ, რაც, თავისთავად, დიდი ბედნიერება იყო, რასაც ჩვენზე, ანუ უბრალო მოკვდავებზე ვერ ვიტყოდით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ''ისტერნ პრომოუ-შენს'', როგორც მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზატორს, ბევრი მუშაობა მართებს იმისთვის, რომ ამგვარი პრობლემებისგან დაიცვას ღონისძიებაზე მისული მსმენელი, რომელსაც ხელში 100-ლარიანი ბილეთი უჭირავს. უფრო ცუდ დღეში იყვნენ ადამიანები, რომელთაც დამატებითი თანხა გადაიხადეს იმისთვის, რომ მაგიდას მისხდომოდნენ. მათ დიდი ქოლგები კი გაუშალეს, მაგრამ ეს ქოლგები იმდენად უხარისხო იყო, რომ გადაპრანჭულ და საზეიმოდ გამოწყობილ ადამიანებს თავზე აწვიმდათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იმედია, ორგანიზატორები იმით არ გაიმართლებენ თავს, რომ ჯაზს წვიმა უხდება, ეს რომანტიკულია და ჯამიროქუაის ცნობილი კონცერტიც ვერონაში წვიმის ფონზე გაიმართა...

როდესაც ამხელა ღონისძიებას აკეთებ, კეთილი უნდა ინებო და ღია სივრცე წვიმისთვის კარგად მოამზადო. მით უმეტეს, როცა ჩოგბურთის კორტებზეა საუბარი, იქ ხალიჩები აგია და წვიმის შემთხვევაში ფეხსაცმლით ქაფით სავსე გუბეებში დაჭყაპუნობ. იმის გამო, რომ წვიმისგან თავდაცვა მხოლოდ მცირე ტენტის ქვეშ მობილიზებულ მსმენელს შეეძლო, ნახევარზე მეტი ისე დასველდა, რომ აღარც ელ ჯერო უნდოდა და აღარც ჯაზური ჰანგები.
გარემო მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული იყო კარმენ სოუზას კონცერტზე, რომელმაც, ჩვენდა გასახარად, ქართული სიტყვები შესანიშნავი აქცენტით გამოთქვა, მადლობა გადაგვიხადა საქართველოში მოწვევისთვის და მხიარულ მსმენელთან ერთად არაჩვეულებრივი კომპოზიციები შეასრულა. კონცერტით იმის წყალობით ვისიამოვნეთ, რომ იმ დღეს დედაბუნებამ დაგვინდო და ''ისტერნ პრომოუშენის'' ''ბოროტი ზრახვების'' პირისპირ არ დაგვტოვა.
Rating
ჯაზფესტივალის მიმდინარეობისას დავესწარი სალომე კორკოტაშვილის ბენდის გამოსვლასაც და მისი ახალგაზრდული ენთუზიაზმითა და საკმაოდ პროფესიონალური გამოსვლით ძალიან ვისიამოვნე. მინდა ვთქვა, რომ სალიოც და მისი ბენდის წევრებიც სცენაზე კომფორტულად გრძნობდნენ თავს და მაყურებელთანაც არაჩვეულებრივად მუშაობდნენ. მეორე საკითხია, რამდენად იყო მისი მუსიკა ჯაზფესტივალის ფორმატი, მაგრამ ეს მსჯელობა, როგორც იტყვიან ხოლმე, სხვა ოპერიდან არის. 

ჩოგბურთის კორტები რომ ბათუმის ჯაზფესტივალისთვის გამოუსადეგარია, ისიც მოწმობს, რომ გაშლილი სივრცის გამო ვერ ხერხდება კარგი ხმის ''დაყენება'', შესაბამისად, იფანტება ბევრი ისეთი ნოტი, რომლის დაჭერაც მელომანის ყურს დიდად ესიამოვნებოდა.
მთლიანობაში ჯაზფესტივალის შეფასებისას კიდევ ერთი რამის თქმა არის შესაძლებელი _ ჯაზის სამყაროში იმდენი კარგი შემსრულებელია, 80 წელს მიტანებულ მუსიკოსებთან ერთად თუ დაგვდებენ პატივს და ახალგაზრდა, ძალიან საინტერესო მუსიკოსებსაც ჩამოიყვანენ, მაგალითად, ხოსე ჯეიმსის მსგავსს, არ იქნება ურიგო. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კომპანიის მუშაობა ქებასაც იმსახურებს, ვისაც მუსიკა უყვარს, ამგვარი საღამოები მათთვის ნამდვილად მისწრებაა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS