მოკლედ, ქეთა თოფურიამ ისე გაახანგრძლივა თავისი ქორწინების ამბები, აგერ უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებას სალაპარაკო თემა მისცა. ხან შეყვარებულის გვარსა და სახელს ასაიდუმლოებდა, მერე, როგორც იქნა, გამოამჟღავნა. მერე დიდხანს ველოდეთ, როდის იტყოდა, რომ ცოლად გაჰყვებოდა. ამის მერე კიდევ ბევრი დრო გავიდა, სანამ ქორწილის თარიღსაც გამოაცხადებდნენ. ახლა კი
ქეთა სოციალურ ქსელში აქტიურობს და არც კი ცდილობს თავისი პირადი ცხოვრების დამალვას. მის გვერდზე „ვკონტაქტეში“ , თუ „ინსტაგრამში“ , ლამის ყველაფერს გაიგებთ მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ამჯერად ქეთამ გვამცნო, რომ მოსკოვში ვერსად იპოვა შესაფერისი საპატარძლო კაბა 9 სექტემბრისთვის დაგეგმილი ქორწილისთვის და პარიზში გაემგზავრა.
პარიზში ქეთას თან ახლდა მეგობარი, ცნობილი დიზაინერი ალექსანდრ არუთინოვი. ალბათ საქმრო იმიტომ არ გაჰყვა, რომ როგორც ცნობილია, ქორწილამდე პატარძლის კაბის ნახვა არ არის კარგი ნიშანი. თანაც, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში დიზაინერის რჩევა უფრო ფასეულია. ქეთას საქმრო, 39 წლის ბიზნესმენი ლევ გეიხმანი, რუსეთში დარჩა და იქიდან „გულშემატკივრობდა“ საცოლეს.
პარიზში კაბის შესარჩევად გამგზავრება ახალი მოდაა რუსულ შოუბიზნესში. მანამდე რამდენიმე მომღერალმაც მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქს ჩააკითხა ამავე მიზნით.
საბოლოოდ ქეთამ კაბა შეარჩია და მისი რაღაც ნაწილის ფოტოც გამოაქვეყნა. კაბა ცნობილი დიზაინერის ვერა ვონგის კოლექციიდანაა. ეს დიზაინერი მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავების წრეში ძალიან მოდურია და ქეთამ ფეხი აუწყო მოდას.
ქორწილამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. როგორც ქეთამ ადრე აღნიშნა, ეს მხოლოდ სამოქალაქო რეგისტრაცია იქნება, წყვილი ჯვარს არ დაიწერს - გეიხმანი ებრაელია, ქეთა კი - მართლმადიდებელი და არც ერთი მათგანი არ აპირებს რელიგიის შეცვლას. ჯერჯერობით იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, როგორი იქნება ქორწილი. „დღემდე ვკამათობთ, დიდი ზეიმი მოვაწყოთ თუ არა. მაინც ალბათ უფრო ვიწრო წრეში აღვნიშნავთ ჩვენს ბედნიერებას. მე არ მინდა დიდი ქორწილი. ჩემი მეგობრების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მასშტაბური ქორწილი სამუშაოს ჰგავს: ყველა ერთობა, შენ გარდა. ჩემი მეგობრები თავიანთ დღესასწაულზე მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: „საშინელი ქორწილია, ისე დავიღალე“ . მე ასე არ მინდა. მინდა, რომ ეს დღე დაგვამახსოვრდეს“ .
ჟურნალი „რეიტინგი“