ივლისში კონკურსი სოჭში გაიმართება
გასულ წელს ''ახალი ტალღა'' იურმალაში უკანასკნელად ჩატარდა. ივლისში კონკურსი სოჭში გაიმართება. კონკურსის არსებობის განმავლობაში ქართველებმა სამჯერ გაიმარჯვეს. სოსო პავლიაშვილის, დუეტ ''ჯორჯიასა'' და ნუცა ბუზალაძის შემდეგ ბევრი ელოდა, ვინ იქნებოდა შემდეგი წარმატებული მომღერალი ''ახალი ტალღის'' სცენაზე, თუმცა წელს ქართველები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ. რამდენიმე კითხვით გასული წლის ''ახალი ტალღის'' გამარჯვებულ ნუცა ბუზალაძეს მივმართე.
- როგორც ვიცი, იურმალაში ეს კონკურსი აღარ გაიმართება. შეიძლება ითქვას, ამ ქალაქში კონკურსი მე დავხურე, ბოლო გამარჯვებული ვარ. წელს
ქართველი მომღერალი არ მიიღებს მონაწილეობას და ''იმედზეც'' არ იქნება ტრანსლაცია.
- საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი პროტესტი იყო, რადგან კონკურსი სოჭში ტარდება?
- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ საქართველოში წელს კასტინგი არ ჩატარებულა.
- როგორც გასული წლის გამარჯვებული, კონკურსზე მიგიწვიეს?
- ჯერ არა.
- თუ მიგიწვიეს, როგორი იქნება შენი გადაწყვეტილება, წახვალ?
- ვერც ამ შემთხვევაში გეტყვით ზუსტ პასუხს.
ჟურნალი ''რეიტინგი''