გასულ კვირას რომში საყვარელ გოგონაზე იქორწინა. მართალია, ქორწილი საიდუმლოდ გაიმართა, მაგრამ მათი მეგობრების წყალობით, სოციალური ქსელის საშუალებით, ჟურნალისტებმა მაინც გავიგეთ. მომღერალმა საკმაოდ რთული პირადი ცხოვრება განვლო. ლიზასთან ქორწინებამდე დათოს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. ბაგრატიონთან რამდენიმე წელი ცხოვრობდა, თუმცა პრესას მათი წყვილი არ სწყალობდა და განსაკუთრებულად ერიდებოდა.
დღეს ლიზას გვერდით ახალი მამაკაცია, ალტისტი გიორგი ცაგარელი, ახალგაზრდა წყვილი სიყვარულს არ მალავს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც დაუფარავად ჩნდება.
მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათოც შეყვარებული იყო. გოგონას შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ჟურნალისტებმა მხოლოდ მისი სახელი - სალომე გავიგეთ.
როგორც ჩანს, ლიზას გვერდით ცხოვრებისას ნოზაძეს ისე მოჰბეზრდა ჟურნალისტების ყურადღება, რომ გადაწყვიტა, პრესისგან ფარულად იტალიაში ექორწინა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ, უბრალოდ, საზღვარგარეთ ქორწილის ტრადიცია მოსწონდეს, რადგან როდესაც ლიზა მოიყვანა ცოლად, მათ ჯვარი კვიპროსში დაიწერეს.
მართალია, ჯვრისწერა საიდუმლოდ ჩატარდა და ეს მხოლოდ ფოტოებით გახდა ცნობილი, ჩვენ მაინც შევძელით, ემიგრანტისგან ქორწილის დეტალები გაგვეგო. ქალბატონი სწორედ იმ ქართულ ტაძარში ლოცულობდა, სადაც დავითმა და სალომემ ჯვარი დაიწერეს.
`ძალიან ლამაზი წყვილია, ჯვრისწერის შემდეგ რომში ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადეს ქორწილი. სასიამოვნო ფაქტია, რომ ტაძარში მყოფ ყველა ქართველს ეპატიჟებოდნენ საკუთარ ქორწილში, თუმცა მე არ წავსულვარ.
ქორწილს როგორც ბიჭის, ასევე გოგონას მხარეც ესწრებოდა. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი…''
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''