ანა:
- მე და ბაჩომ სხვადასხვა ავსტრალია ვნახეთ (იღიმის). ბაჩო დილას გადიოდა და სპექტაკლის დროს გვიერთდებოდა, მთელი ქალაქი ფეხით მოიარა. ჩვენ კი პერტის ცენტრალური ქუჩების მოვლის გარდა, გემით გადავედით მეორე ნაპირზე, სადაც დავათვალიერეთ ზოოპარკი, სანაპირო, იქვე იყო ბევრი პატარ-პატარა კაფე, მწვანე ადგილები, სადაც თამამად შეგეძლო გაგორებულიყავი მინდორზე.
- ავსტრალიაში პირველად იყავით?…
- დიახ,
ბაჩო:
- მას შემდეგ, რაც ''კარმენის'' პრემიერა ლონდონში შედგა, ბევრი ქვეყანა მოვიარეთ. საქართველოს ყველა კუთხე მაქვს მოვლილი და ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ პირველად ვისურვე, მეუღლე და შვილი აქ რომ მყავდეს და სამსახურის შოვნის საშუალება იყოს, დავრჩებოდი-მეთქი. პერტი საოცარი ქალაქია, ყველაფერში ძალიან ''წინ'' არიან.
წარმოიდგინეთ მანძილი ვაკის პარკიდან - ფილარმონიამდე. დილას 7 საათზე მანქანების მოძრაობა რომ იწყება, გვიანობამდე გრძელდება, მაგრამ საცობი არ არსებობს. ცენტრალურ ქუჩაზე ტრანსპორტი უფასოა. ქუჩაში ძირს დაგდებული ნაგავი არ მინახავს. არის ქუჩები, სადაც ქვაფენილზე მითითებაა, რომ იქ მოწევა აკრძალულია.
- მედიამ გააშუქა ფესტივალი?
ანა:
- დიახ, პირველივე სპექტაკლს მოჰყვა რეცენზია. პრესაში დაიწერა სტატია, ჩვენამდე სხვა თეატრის დასის ''კარმენი'' ჰქონიათ ნანახი - ის კარმენი და სპექტაკლის ყველა სხვა გმირი ძალიან ბევრ სიგარეტს ეწეოდა - კვამლში იყო გახვეული, ამ შემთხვევაში კი ნახავთ აბსოლუტურად განსხვავებულ, მხოლოდ ცეცხლოვან კარმენს, რომელიც არ ეწევა და თავად არის ცეცხლიო.
- ყველაზე მეტად მაინც რა გინდათ, რომ ჩვენს ქალაქშიც ისევე იყოს, როგორც პერტში?
- მშვიდი და მოღიმარი სახეები. ჩვენ ასეთები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ხანს დაძაბული ცხოვრების გამო ეს თვისებები მივიწყებული გვაქვს.
ბაჩო:
- იქ ვინმეს რომ მხარი გაჰკრა, შენ მაგივრად გეტყვის ბოდიშს, თან გკითხავს, ხომ არ გეტკინაო. კიდევ ერთს ვიტყვი. ვერ გავბედე, რომ ფოტო გადამეღო ერთი გოგონასათვის, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა და თან წიგნს კითხულობდა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ როცა აქ ჩემმა თაობამ ''იცის'', რომ ''შოთა რუსთაველს ძალიან ბევრი ლექსი აქვს დაწერილი'', იმ გოგონას კი, გაჭირვების მიუხედავად, წიგნის კითხვის სურვილი აქვს, ეს გასაოცარია.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''