დღეს მას საკუთარი შემოქმედებითი გაერთიანება აქვს - ''ლაბორატორია 13'' , საკუთარი ბრენდი - RUSIKO, აწყობს ჩვენებებს და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრებაც აიწყო.
რუსეთში რუსუდანს დიდ პატივს სცემენ, რადგან მისი შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ იქ დაიწყო. ის ცნობილი
რუსუდანს ხშირად სთხოვენ ინტერვიუებს, რამდენიმე ამონარიდმა დამაინტერესა და მათ გთავაზობთ.
''აფხაზეთში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ჩემს სამშობლოში ომის დაწყების შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა რუსი მყავს, დედა - ქართველი. ორივენი ფიზიკოსები არიან, მამა მეცნიერებათა დოქტორია, დედა მეცნიერ-თანამშრომელია. დღემდე მუშაობენ სამეცნიერო ინსტიტუტში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში უმაღლესში ჩავაბარე და ეკონომიკური განათლება მივიღე, თუმცა ბავშვობიდან ვკერავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი. მაშინ ეს მხოლოდ გატაცება იყო. თანდათან ჰობი რაღაც უფრო დიდში გადაიზარდა და მივხვდი, რომ მინდოდა, სერიოზულად მომეკიდა ამისთვის ხელი. უნივერსიტეტის შემდეგ ოთხი წელი ვსწავლობდი სამკერვალო-ტექნოლოგიურ კოლეჯში. მერე იყო ზაიცევის ლაბორატორია...
19 წლის ვიყავი, როცა ისლამი მივიღე. ჩემი მაჰმადიანური სახელი ჯამილაა. თანდათან შეიცვალა ჩემი გარდერობიც, მერე კი იმას შევეჩეხე, რომ ძნელია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელიც მოდურიც იქნება და მუსლიმანურ კანონებსაც დაემორჩილება. ასე მივედი აღმოსავლურ თემატიკამდე და მისი განვითარება დავიწყე.
გარდა ამისა, ჩემს კოლექციებში 1920-იანი წლების სტილის სათავეებიც ჩანს - არტ-დეკო. ვგიჟდები ამ პერიოდზე, ის ჩემი შთაგონების წყაროა. ჩემი სადიპლომო და შემდეგი კოლექციებიც მუსლიმანი ქალებისთვის არის განკუთვნილი.
კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე. ჩემი ქმარი 15 წლით არის ჩემზე უფროსი. პატარა ქალიშვილი გვყავს, ორი წლის. ეს ჩემი პირველი შვილია, ქმარს კი პირველი ქორწინებიდან სამი მოზრდილი შვილი ჰყავს'' .
თქვენი ბუკლიკოსთვის კი გულდასაწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ქართველი დედის მიუხედავად, რუსუდანი თავს აფხაზად მიიჩნევს და აფხაზეთს თავის სამშობლოდ და ცალკე ქვეყნად მოიხსენიებს:
''რუსეთის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი, როგორც დიზაინერი აფხაზეთიდან. სიამაყით წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა. აფხაზეთი ახალგაზრდა სახელმწიფოა ათასწლოვანი ისტორიით და ეს-ესაა შეუდგა დამოუკიდებელ გზას. მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ჩემს სამშობლოზე და იქ მცხოვრებ ხალხზე. სამომავლოდაც იმაზე ვფიქრობ, რომ საფირმო მაღაზიები გავხსნა მოსკოვსა და სოხუმში'' .
ჟურნალი ''რეიტინგი''