დარტ ვეიდერი - ''ვარსკვლავური ომები''
ალბათ, არ არსებობს ისეთი კინომოყვარული, რომელსაც ჯორჯ ლუკასის საკულტო ''ვარსკვლავური ომები'' არ ჰქონდეს ნანახი. დარტ ვეიდერის გარეშე, რასაკვირველია, მთელი ეს ამბავი წარმოუდგენელი იქნებოდა, ამ ბოროტმოქმედს ვერც კინოკრიტიკოსები უვლიან
დარტ ვეიდერის პერსონაჟის მთავარი კოზირი მისი კოსტიუმია, რომელსაც პოპკულტურაში ბევრგან შეხვდებით. სხვათა შორის, ფსიქიატრებს ის სტუდენტებისთვის პიროვნების მენტალური აშლილობის საუკეთესო მაგალითად მოჰყავთ.
ფრედი კრიუგერი- ''კოშმარი თელების ქუჩაზე''
ეს ფილმი 1984 წელს გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის უფრო საშიში პერსონაჟი წარმოუდგენელიც კი იყო, როგორიც ფრედი კრიუგერი, საზარელი შესახედაობის სერიული მკვლელი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ფრედის, ასე ვთქვათ, ''ლუქი'', რომელიც გულ-გრილს არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებდათ და სიზმრადაც კი მოგევლინებოდათ ფილმის ნახვის შემდეგ, თუმცა კი, კრიუგერის სიზმრად მოვლინება კატეგორიულად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის...
ჰანიბალ ლექტერი- ''კრავთა დუმილი''
ჩვენ მიერ დასახელებული წინა ორი ბოროტმოქმედი, ფაქტობრივად, ''კრიმინალური საბავშვო ბაღის'' მოსწავლეა მასთან შედარებით, ვისაც ახლა წარმოგიდგენთ. ცნობილი პროფესორი, ფსიქიკური გადახრებით- გამორჩეულად მიდრეკილი ადამიანების ''მირთმევისკენ'', ჰანიბალ ლექტერის სახე ''კრავთა დუმილში'' გენიალურად განასახიერა ენტონი ჰოპკინსმა.
ყველაზე მაგარი გულის პატრონებსაც კი არ ძალუძთ, დაძლიონ შიში ამ პერსონაჟისა და მისი საქმეების მიმართ. ამ როლისთვის ჰოპკინსმა, სავსებით დამსახურებულად, ''ოსკარი'' მიიღო. ლექტერი კი არაერთხელ დაუსახელებიათ საუკეთესო ბოროტმოქმედების სამეულში პირველ ადგილზე.
ემი დიუნი- ''გაუჩინარებული ქალი''
ალბათ, გაგიკვირდებათ ამ ხუთეულში ახალი ფილმის პერსონაჟის აღმოჩენა, მაგრამ დევიდ ფინჩერის მორიგ შედევრს, ''გაუჩინარებულ ქალს'', გვერდს ვერაფრით ავუვლიდით. როზამუნდ პაიკი თავისი პერსონაჟ ემი დიუნის სახით, ბოროტმოქმედის ისეთ საზარელ სახეს ქმნის, რომელიც სცდება უდიდესი ფანტაზიის მქონე მაყურებლის წარმოსახვასაც კი.
ემი ყველა დაქორწინებულ მამაკაცს განქორწინებას აფიქრებინებს, ცოლის გარეშე დარჩენილებს, შვებას მოჰგვრის, ხოლო ის, ვინც ჯერ კიდევ ეძებს, ''მისი ხათრით'', ძებნას აუცილებლად შეწყვეტს….
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''