დიზაინერი უკვე სტამბოლშია და ამ კოლექციის ჩვენებას ხუთ ქვეყანაში
- წელიწადზე მეტია საქართველოში არ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრები, ჩემი ქვეყანა და რადგან მქონდა ახალი კოლექციის იდეა, მინდოდა, ეს კოლექცია ჯერ ქართველი მაყურებლისთვის მეჩვენებინა. ქსოვილები, რომლებიც ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი, მე მეკუთვნის, სპეციალურად ამ კოლექციისთვის შეიქმნა სტამბოლში. მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს. ამ ჩვენებისთვის სამი თვე ვმუშაობდი.
- თბილისში არ გაიყიდა შენი არც ერთი კაბა, რატომ?
- იმიტომ, რომ კოლექცია სტამბოლშიც უნდა წარვადგინო, ასევე ბაქოშიც, ესპანეთშიც. თბილისში ჩვენებაზე შოთიკო ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ვიდეოარტი, რომლის მთავარი გმირი კრისტი ყიფშიძე გახლდათ. ჯიჯი რეჯინიმ საიმიჯო ფოტოები გადაიღო. მთლიანობაში ლამაზი საღამო გამოვიდა. წვიმამაც კი დაგვინდო და მალე გადაიღო. გული მტკივა, რომ საქართველოში მოდელებს, დიზაინერებს არ ეძლევათ თავის უკეთ წარმოჩენის საშუალება. ერთ-ერთ მოდელს თურქეთში ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობა შევთავაზე. დიზაინერი ირაკლი რუსაძე შევთავაზე ერთ ცნობილ ფირმას. სავარაუდოდ, ეს თანამშრომლობაც შედგება. ძალიან მინდა, ჩემს მეგობრებს დავეხმარო.
- თურქულ ცხოვრებაზეც გვიამბე ცოტა.
- დიდი ხანია აქ ვარ, ყველანაირი კომფორტი მაქვს შექმნილი, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ყველაზე კარგად თავს მაინც თბილისში ვგრძნობ. ჩემი მეგობრები და ქართული საჭმელი მენატრება. მეც ვამზადებ ქართულ კერძებს, მაგრამ ახლა გავსუქდი, საქართველოში სამი კილო მოვიმატე, ხინკლისა და ქაბაბის წყალობით, ამიტომ დიეტაზე ვარ.
- როგორ იბრუნებ სასურველ წონას?
- ვშიმშილობ, არაფერს ვჭამ, სანამ არ წავიქცევი (იცინის). ჩემმა მეგობრებმა იციან, როცა დიეტაზე ვარ, ჩემთან არ უნდა მოვიდნენ, რომ მათმა გამასპინძლებამ და შემდეგ დიეტის დარღვევამ არ მომიწიოს. ახლა ჩემი მაცივარი ცარიელია.
- საქართველოში მოღვაწე ქართველ დიზაინერებზე რას მეტყვი?
- ძალიან ნიჭიერი დიზაინერები გვყავს. შურიანი ადამიანი არ ვარ. როცა ნიჭს ვხედავ, ეს მხოლოდ მახარებს. ქართველ დიზაინერებთან სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს, სულაც არ მივიჩნევ მათ ჩემს კონკურენტებად, მინდა, გზა გავუხსნა აქეთ, სადაც ფული იშოვება, რომ მუშაობის სტიმული არ დაკარგონ.
- ვის მიიჩნევ საქართველოში ყველაზე გემოვნებიან ქალად, მამაკაცად?
- ლელა წურწუმიას, აჩიკო მეფარიძეს, სტეფანეს.
- რომა, შენ ''ბესტ ჩაილდის'' ჟიურიში იყავი, სადაც მომღერალი მარკუს მეტრეველიც იჯდა. მე შევამჩნიე შენი და დათუნა სულიკაშვილის დამცინავი გამოხედვა, არ მოგწონს მარკუსის გემოვნება?
- როდის შეამჩნიე (იღიმება)?
- როცა ბავშვებს ვარჩევდით, მეც ჟიურიში ვიყავი.
- რა გითხრა, არ მომწონს მისი არც ჩაცმულობა და არც მანერები. სიმღერაზე არ მაქვს ლაპარაკი, ადამიანი ბუნებრივი უნდა იყო და არა გაკეთებული, დაყენებული. ასე მგონია, რომ თამაშობს.
- საქართველოში სხვა სახელითა და გვარით გიცნობდნენ, რატომ გახდი რამაზო რომა?
- წარმოშობით მთიული ვარ, რამაზ შამანაური. სტამბოლში ამ სახელსა და გვარს ვერ იმახსოვრებდნენ, ამიტომაც შევამოკლე, ცოტა იტალური ელფერი მივეცი.
- ასაკს მალავ, გავიგე.
- არა, არ ვმალავ, ვღადაობ უბრალოდ, 38 წლის ვარ.
- პირად ცხოვრებაზე არაფერს მეტყვი?
- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. თურქეთშიც კი, სადაც პაპარაცები მეფობენ, ვერაფერში გამომიჭირეს (იცინის).
- შეყვარებული ხარ?
- არა, შეყვარებული ვარ საკუთარ თავზე. თბილისში ერთხელ ვიყავი შეყვარებული. რაღაც პრობლემები იყო. მას მერე 19 წელი გავიდა და არავინ შემყვარებია, საკუთარი თავის გარდა.
ჟურნალი რეიტინგი